16 ივნისი, 2015

ჩვენ გველის დიდება – ქველმოქმედებისთვის

1chvenნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოხატავს 13 ივნისს თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.

მოზარდმაყურებელთა თეატრი მზად არის დახმარების ხელი გაუწოდოს მათ, ვისაც დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდება. 20 ივნისს მოზარდმაყურებელთა თეატრის დიდ დარბაზში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი “ჩვენ გველის დიდება”, რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი.

სპექტაკლიდან შემოსული თანხა გადაირიცხება 13 ივნისის სტიქიისას დაზარალებულთა ფონდში. თეატრის თხოვნაა ადგილზე მიიტანოთ საბავშვო ინვენტარი, პირველადი საჭიროების ჰიგიენური ნივთები, სათამაშოები, ტანსაცმელი, საკვები.

– თეატრის ფოიეში დაიდგმება შესაწირი ყუთი, ხოლო სპექტაკლიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება დაზარალებულთა ფონდში. ტრაგედიის მასშტაბურობიდან გამომდინარე, საჭიროა შეგროვდეს სოლიდური თანხა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაიღოს, ამიტომ ათმაგად მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა და დახმარება, – ამბობს თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თათია პაქსაშვილი.