11 ივნისი, 2015

,,ბრავო, ომარ!’’

1omar14 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სპეციალური ღონისძიება გაიმართება დევიზით „ბრავო ომარ-80“, რომელიც ეძღვნება გამოჩენილ ქართველ მსახიობ-მოცეკვავეს, საქართველოს სახალხო არტისტს, ეროვნული პრემიის ლაურეატს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, ქართული კულტურის რაინდს, საუკუნის მოცეკვავეს ლეგენდარულ ომარ მხეიძეს.

დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება საბავშვო და ახალგაზრდული ქორეოგრაფიული კოლექტივების წლიური ტრადიციული შემაჯამებელი ღონისძიებები.

ამ დღეს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირი საქართველოში ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და საცეკვაო ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი, პრაქტიკული და თეორიული მოღვაწეობისთვის დააჯილდოვებს გამოჩენილ ქორეოგრაფებს „საქართველოს ქორეოგრაფიის დესპანის“, „საქართველოს ამაგდარის“ ორდენით და სხვა ჯილდოებით.

წარმატებულ საბავშვო ანსამბლებს გადაეცემათ ომარ მხეიძის სახელობის პრიზი, ხოლო ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებს სპეციალური დიპლომები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული საბავშვო და ახალგაზრდული ქორეოგრაფიული კოლექტივები, მათ შორის ომარ მხეიძის სახელობის სტუდიებთან არსებული ანსამბლები.