8 ივნისი, 2015

აურზაური ოზურგეთის თეატრში

1ozurოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში აურზაურია. როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე განმარტავს, ამისთვის თეატრს მიზეზი აქვს, რომელიც საზოგადოებისთვის 9 ივნისს გახდება ცნობილი.

თეატრში ახალგაზრდა რეჟისორი ლევან ხვიჩია ახალ სპექტაკლზე მუშაობს. მან არჩევანი უილიამ შექსპირის პიესაზე „აურზაური არაფრის გამო“ შეაჩერა. შექსპირის ეს კომედია იშვიათად იდგმება ქართულ თეატრში. ოზურგეთის თეატრი კი ამ პიესას პირველად ახორციელებს.

ლევან ხვიჩია ახალგაზრდა რეჟისორთა პლეადის ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელია, რომელმაც რობერტ სტურუას სახელოსნო დაამთავრა და არა ერთი სპექტაკლი განახორციელა რუსთაველის თეატრშივე. მას სპექტაკლები დადგმული აქვს ასევე თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრშიც.

ახალგაზრდა რეჟისორთან ლევან ხვიჩიასთან ერთად საპრემიერო სპექტაკლზე იმუშავეს ცნობილმა ქართველმა სცენოგრაფმა მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატმა ლომგულ მურუსიძემ, კოსტიუმების მხატვარმა ქეთევან ციციშვილმა და ქორეოგრაფმა მარიკა ქვეთაიამ. რეჟისორის ასიტენტი მაკა მამულაიშვილია.

სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის სამივე თაობის მსახიობები მონაწილეობენ. მაყურებელი სპექტაკლში იხილავს საქართველოს დამსახურებულ არტისტებს ომარ ურუშაძეს და ნუგზარ ბარამიძეს. მათ პარტნიორობას უწევენ ირაკლი ვადაჭკორია, ლევან საღინაძე, გიორგი დოლიძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი, თემურ კვირკველია, ზვიად ჯორბენაძე, გენადი ნიკოლაიშვილი, ანი გოდერძიშვილი, შორენა გვეტაძე, თეა კეჭაყმაძე და ივანე ჩხაიძე.