1 ივნისი, 2015

,,არსენალის მთა ღამით’’ ბიძინა ივანიშვილმა იყიდა

1nikoლონდონში კრისტის აუქციონზე გასაყიდად გატანილი ფიროსმანის ნახატი “არსენალის მთა ღამით” ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ორგანიზაცია “2030” ავრცელებს:

“საქართველოს უბრუნდება ნიკო ფიროსმანის ნახატი “არსენალის მთა ღამით”, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კრისტის აუქციონზე მილიონნახევარ დოლარად შეიძინა.”

ნიკო ფიროსმანმა ეს ტილო 1907-1908 წელს დახატა. ის ამ დრომდე კერძო კოლექციონერის საკუთრებაში იმყოფებოდა. ტილო ბოლოს ლონდონის აუქციონზე 5 წლის წინ გაიყიდა. მანამდე ის ნიუ-იორკის სოტბის აუქციონზე გაყიდეს. ფიროსმანის ეს ტილო ფრანგ პოეტს ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს.

ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“ კრისტის აუქციონზე 800 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ახალმა მფლობელმა დღევანდელ აუქციონზე 43-ე ლოტად წარმოდგენილი ქართველი მხატვრის ნამუშევარი შუამავლის საშუალებით, ტელეფონით შეიძინა.

„არსენალის მთის“ აუქციონზე გატანის შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის წინ გავრცელდა. კრისტის აუქციონის ვებ-გვერდზე ის რუსული მხატვრობის სექციაში იყო განთავსებული და საწყის ფასად 800 000 ფუნტი იყო მითითებული, მაგრამ აუქციონის დღეს ნიკალას ნახატის საწყის ღირებულებად მხოლოდ 550 000 ფუნტი დასახელდა.

ფიროსმანის ტილო უარსენალის მთა ღამით” უკვე მესამედ გაიყიდა. 2007 წელს ის პირველად სოტბის, 2010 წელს კი მაკდუგალის აუქციონზე იქნა გასაყიდად გატანილი. ამ ნამუშევარს პირველად ბაიაძის დუქანში მიაგნეს და ის კრილ ზდანევიჩმა შეიძინა. „არსენალის მთა ღამით“ ზდანევიჩმა საბჭოთა ხელისუფლებას მიყიდა, რომლმაც, თავის მხრივ, ტილო ცნობილ ფრანგ მწერალს, ლუი არაგონს 60 წლის იუბილეზე აჩუქა. მწერალმა ნახატი საფრანგეთში წაიღო და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო, სანამ რეზო თაბუკაშვილმა მას არაგონის აგარაკზე არ მიაკვლია. მწერლის გარდაცვალების შემდეგ, ნახატი ირანული წარმოშობის პოეტის კერძო კოლექციაში აღმოჩნდა.

ქართულმა საზოგადოებამ ფიროსმანის ნახატის საქართველოში დაბრუნება მოითხოვა. კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ქართული მხარის მიერ ნახატის აუქციონზე შეძენა დროის სიმცირის გამო ვერ მოხერხდა.