24 ივნისი, 2015

არენა დი ვერონაზე 5 ქართველი იმღერებს

1arena-di-veronaარენა დი ვერონაზე 93-ე საოპერო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალის პირველ დღეს მსმენელის წინაშე მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ორი ქართველი მომღერალი ნინო სურგულაძე და მადინა სერებრიაკოვა კარბელი წარსდგა. მათ ვერდის “ნაბუქოში” იმღერეს:

– ტრიუმფით ჩაიარა არენა დი ვერონას სეზონის გახსნამ! ნაბუქო, გენიალური ოპერა და არაჩვეულებრივი, ზღაპრული გარემო ვერონის ცის ქვეშ, სადაც გაერთიანდა 18000 ოპერის მოყვარული მაყურებელი! მადლობა მათ ამ სითბოსთვის და დაუვიწყარი ემოციისთვის! მადლობა ვერონას, ჩემს არაჩველებრივ კოლეგებს მათ შორის ქართველს, მადინა სერებრიაკოვა კარბელს! მაესტრო რიკარდო ფრიცცას, ლეგენდარულ რეჟისორ ჯანფრანკო დებოზიოს! დიდ ჯუზეპე ვერდის ამ გენიალური ოპერის შექმნისთვის. მძიმე იყო და არის ეს დღეები ყველა ჩვენთაგანისთვის და ეს არაჩვეულებრივი საღამო მთელი გულით მივუძღვენი ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოგვაკლდა ტრაგიკული მოვლენების გამო. მიყვარხართ და მენატრება ჩემი საამაყო და ლამაზი ქვეყანა! – განაცხადა სპექტაკლის დასრულების შემდეგ ნინო სურგულაძემ.

ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე უკვე წარსდგა ანიტა რაჭველიშვილიც. მან არენა დი ვერონაზე ვერდის “აიდაში” ამნერისის პარტია იმღერა.

საოპერო ფესტივალში, რომელიც სექტემბრამდე გაგრძელდება, კიდევ ორი ქართველი საოპერო მომღერალი მიხეილ შეშაბერიძე და მიხეილ ბახტაძე იმღერებენ.