30 ივნისი, 2015

,,ამირანში” ექვსი ქართული ფილმის პრემიერა გაიმართება

6kino1კინოთეატრ “ამირანში” ექვსი ქართული ფილმის პრემიერა გაიმართება. ეროვნული კინოცენტრი პირველ ივლისს თიბისი ბანკთან ერთად მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს წარმოადგენს. ექვსივე მათგანი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებულია, რომელთა გადაღებაში “თიბისი ბანკმა” ფინანსური მონაწილეობა მიიღო.

პირველ ივლისს მოწვეული საზოგადოება ნახავს შემდეგ ახალ ქართულ ფილმებს:
ტატო კოტეტიშვილის “ოგასავარა”: მურატმა და მაშამ დაქორწინება გადაწყვიტეს. თუმცა, მიზნის სისრულეში მოყვანამდე მათ დაუჯერებელი, სევდიანი და სასაცილო ისტორიები ელოდებათ.

დათა ფირცხალავას “მამა”: ლადო და ნიკა ძმები არიან, რომლებთანაც ერთ ჩვეულებრივ დღეს დიდი ხნის წინ გაუჩინარებული მამა მოდის. ძმებს მის მიმართ ცივი დამოკიდებულება აქვთ. ლადოს მამასთან ბევრი კითხვა უჩნდება, პასუხებს კი თავს გადახდენილი ისტორიის შემდეგ თავადვე პოულობს.

თამარ შავგულიძის “პირველი დღე”: 9 წლის გიორგის მშობლები უბედური შემთხვევის დროს იღუპებიან. ტყეში დამალობანას თამაშის დროს მარტოდარჩენილ, შეშინებულ გიორგის სახე უნათდება. იგი უცებ ხვდება, რომ მისი სახლი ერთ კონკრეტულ მისამართზე არ არის, იგი მთელი სამყაროა, რაც ახალი ცხოვრების დაწყების შანსს იძლევა.

თორნიკე ბზიავას “მექელეხე”: მოხუცებულთა თავშესაფარში, უფასო სადილის მოლოდინით შეწუხებულ 70 წლის რეზოს სპეციალური ბლოკნოტი აქვს, სადაც გაზეთის ნეკროლოგებიდან ამოწერილი უცნობი, გარდაცვლილი ადამიანების მისამართები უწერია. მოტივი ერთია – ქელეხზე მოხვედრა და უფასო ჭამა. ერთ-ერთი ასეთი ქელეხის დროს რეზოს და მისი ყოფილი მოსწავლის, თორნიკეს გზები გადაიკვეთება, რომელსაც იგი 90-იან წლებში ქართულ ცეკვას ასწავლიდა.

ვახო ჯაჯანიძის “გამოსვლა”: თითქმის დაცარიელებულ პატარა ქალაქ ჭიათურაში დრო გაჩერდა. გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლით დაღლილი ადამიანები ინერციით განაგრძობენ უაზრო არსებობას. ქალაქის განაპირას, პატარა სახლში ორი და ცხოვრობს – ტატიანა და ლილი. დებს შორის დაძაბულობა მაშინ ჩნდება, როდესაც ლილის ამ ჭაობიდან თავის დაღწევის და თავის ქალიშვილთან საცხოვრებლად გადასვლის შანსი უჩნდება.

გიორგი წილოსანის “მზადება”: ეს არის ერთი ოჯახის ისტორია რომელიც სოფელში ცხოვრობს. ოჯახი ოთხი წევრისაგან შედგება ბებია, მამა და ორი გოგონა. ერთ საღამოს ვახშმობისას მოხუცი შეუძლოდ ხდება. ექიმის დიაგნოზი ამძაფრებს დაძაბულობას. მალე ოჯახს სიკვდილის ფანტომი ესტუმრება.

p.s. ეს არის პირველი პრეცენდენტი, როდესაც სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად კინოწარმოებაში კერძო ბიზნესი ჩაერთო. კერძო სექტორის ამ ფორმით მონაწილეობა ფილმწარმოებაში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში კინემატოგრაფის განვითარებას.
2014 წელს კინოცენტრის დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საკონკურსო ფონდი “თიბისი ბანკმა” 100 000 ლარით გაზარდა.