19 მაისი, 2015

ვის დაატოვებინეს მენტორებმა ,,იქს ფაქტორი”?

1iqsმუსიკალური შოუს “იქს ფაქტორი” მეორე სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა. დაიწყო ლაივკონცერტები და მენტორებსაც შერჩეული ოთხეულიდან ერთი კონკურსანტის სახლში გაშვება მოუწიათ.

პროექტის წამყვანები რუსკა მაყაშვილი და გიორგი ყიფშიძე არიან. მაგთის ოთახში მყოფ კონკურსანტებს კი თათუკა ნარტყოშვილი და გიგო შიუკაშვილი ამხნევებენ.

პირველ ლაივ კონცერტზე სოფო ნიჟარაძის გოგონების ჯგუფი და გიორგი გაბუნიას ბიჭების ჯგუფი წარსდგა მსმენელის წინაშე. თითოეული ჯგუფის ოთხივე კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, გამოცხადდა ესემესების შედეგები და ყველაზე მეტი მოკლე ტექსტური შეტყობინების მფლობელი პროექტში ავტომატურად დარჩა.

გოგონების ჯგუფიდან მაყურებელმა საუკეთესოდ ნინი ბრეგვაძე აღიარა. მათმა მენტორმა სოფო ნიჟარაძემ პროექტის გაგრძელების შანსი ლინდა ადამიას და თიკო მოსემღვდლიშვილს მისცა, პროექტს მიღმა კი მარიამ ივარდავა აღმოჩნდა.

ბიჭების ჯგუფიდან მაყურებელმა ყველაზე მეტი ესემესი გიორგი ნაკაშიძეს გაუგზავნა. მენტორმა გიორგი გაბუნიამ პროექტში დატოვა დიმა კობეშავიძე და რეზი ქარცივაძე, გურამ საყვარელიძე კი სახლში გაუშვა.

მომდევნო ორშაბათს კიდევ ორი მენტორი გააკეთებს საკუთარ არჩევანს. ანრი ჯოხაძე ბავშვების ჯგუფიდან შეარჩევს საუკეთესოებს, თამთა გოდუაძე კი – ჯგუფების კატეგორიიდან.