1 მაისი, 2015

ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ელოდებიან

1veneciaსაქართველო ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე პროექტით „მცოცავი საზღვარი“ წარსდგება. პროექტის ავტორები ვენეციაში 2 მაისს გაემგზავრებიან. კურატორი ნია მგალობლიშვილია, არტისტები რუსუდან ხიზანიშვილი, ირაკლი ბლუიშვილი, დიმიტრი ჩიკვაიძე, ნია მგალობლიშვილი, სოფია შევარდნაძე, ია ლიპარტელიანი და ჯოზეფ საბიია. ნაციონალური პავილიონი 8 მაისს გაიხსნება, ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს ოფიციალური გახსნის ცერემონია კი 9 მაისს არის დაგეგმილი.

ინტერაქტიული პროექტი წარმოადგენს სხვადასხვა საკნისგან შემდგარ სისტემურ ჯაჭვს და მოიაზრებს საზღვარს, როგორც გეოგრაფიული დანაწევრების სისტემას და ამავდროულად, როგორც ცნობიერების მართვის ინსტრუმენტს, რომელიც განიცდის ევოლუციას საზოგადოების ცნობიერებასთან ერთად „დავამსხვრიოთ საზღვრები ცნობიერებაში და დავინახოთ მსოფლიო საზღვრების გარეშე და პირიქით.“

ბიენალეზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის გამოსავლენად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ შემოსული 12 პროექტიდან საუკეთესო, ფარული კენჭისყრითა და ხმათა უმრავლესობით შეარჩია. ვენეციის 56-ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენა იტალიაში 2015 წელს 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაიმართება. ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში „არსენალეზე“ განთავსდება. ვენეციის ბიენალეს წლევანდელი თემაა „მომავალი სამყაროს მრავალფეროვნება (All the world’s futures)”.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ვენეციის თანამედროვე ხელოვნების 56-ე საერთაშორისო ბიენალეზე კიდევ ერთი ქართული პროექტი წარდგება. ბიენალეს ოფიციალური პარალელური პროგრამის ფარგლებში წარდგენილ საერთაშორისო გამოფენაში „ნახტომი შეუცნობადში“ მონაწილეობას მიიღებს მხატვარი ილია ზაუტაშვილი მულტიმედიური პროექტით „საზოგადოებრივი აზრი“.

პროექტის „მცოცავი საზღვარი“ კონცეფცია რეალობაა, რომელშიც საქართველოს და სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნებს უწევს არსებობა. ეს პრობლემა განპირობებულია ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობით. საქართველოს პავილიონი მიზნად ისახავს მაქსიმალურად ასახოს ეს რეალობა და გარკვეული ინტერვენცია მოახდინოს თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოედანზე. ეს არის პოლიტიკურ-სოციალური გზავნილი, რომელსაც ერთგვარი დისონანსი შეაქვს არსებულ ევროპულ რეალობაში. ძირითადი კონცეფცია მოიცავს გარკვეული მოვლენების მატარებელ ჯაჭვს, რომელიც DNM- ის ჯაჭვის ფაქტობრივი ანალოგია, ის არსებობს მისთვის შესაფერის გარემოში და ხშირად შეუმჩნეველი რჩება გარე ფაქტორების პროვოცირებად ზეგავლენამდე. „მცოცავი საზღვარი“ ხშირად მხოლოდ საზღვრის ჩუმად გადმოწევასთან ასოცირდება, მაგრამ ყურადღების მიღმა რჩება უამრავი ადამიანის პირადი ტკივილი, რომელიც თან ახლავს ამ ქმედებას. ვიზიტორს ეძლევა საშუალება მაქსიმალურად მიუახლოვდეს არსებულ რეალობას; სარკეებიან შემეცნებით ოთახში იგრძნოს თავი იმ ადამიანთა ადგილას, რომელთაც პირდაპირ შეეხოთ ეს ზეწოლა. კუნსტკამერა – მოგონებების ობსერვატორია ეს ის ადგილია, სადაც ადამიანის ქვეცნობიერის მსგავსად ინახება წარსულიდან შემორჩენილი ფრაგმენტები: ადამიანთა ისტორიები და მოგონებები, მოსაზღვრე ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ბავშების სახეები. სახეები, რომლებიც არავის ახსოვს, არავინ იმჩნევს…

საბოლოოდ, ინსტალიაცია იღებს ერთგვარ ირონიზირებულ სახეს, იქცევა თამაშად. ამ თამაშს კი ნათელი ეფინება მხოლოდ ბოლო საკანში, რომელიც წარმოადგენს მარადიულ და შინაარს მოკლებულ წრე ბრუნვას… კონსტრუქციაში მოქცეული მაყურებელი განიცდის დისკომფორტს, დისონანსში შედის მოცემულ გარემოსთან, რათა მაქსიმალურად იქნას მიახლოებული საქართველოში და მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა ქვეყნებში არსებულ მდგომარეობასთან.

პროექტი „საზოგადოებრივი აზრი“ წარმოადგენს მულტიმედიურ ინსტალაციას – ფართო საუთაო მაგიდაზე მოთავსებულია ძველი უფუნქციო უთო, რომლის ფსკერზეც ფიქსირებულია მეტალის რელიეფური წარწერა ინგლისურად „PUBLIC OPINION”. საუთოო დაფას ფარავს ქსოვილი (ატლასი), რომელზეც დაბეჭდილია ადამიანთა ჯგუფების და აქტუალური, სოციალური და კულტუროლოგიური შინაარსის მქონე მონოქრომული ფოტო-კოლაჟი. ქსოვილი მაგიდიდან ეფინება იატაკს და ფარავს მის გარკვეულ ნაწილს. ნაჭრის ქვეშ, იატაკზე მოთავსებული ორი ძლიერი „ფენი“ აფრიალებს ქსოვილს. საზოგადოებრივი აზრის ფორმირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდება, თუმცა ვერ ახდენს რეალურ ცვლილებას, რადგან საზოგადოებრივი ინიციატივები ხშირად იკარგება სისტემისა და ყოველდღიურობის ლაბირინთებში.