31 მაისი, 2015

უსინათლო ადამიანებისთვის მუსიკალური ბიბლიოთეკა იქმნება

1mega„ბგერებით დანახული სამყარო“ – ასე ეწოდება საქველმოქმედო კონცერტს, რომელიც საერთაშორისო ფონდმა “არპეჯიო” მოაწყო.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კონცერტიდან შემოსული თანხა მოხმარდება მუსიკალური ბიბლიოთეკის შექმნას უსინათლო ადამიანებისთვის, რაც გულისხმობს ბრაილის შრიფტით გამოცემული მუსიკალური ნაწარმოებების შემოტანას საზღვარგარეთიდან, ბრაილის პრინტერის და საჭირო პროგრამის შეძენას, სხვადასხვა საჭირო მუსიკალური მასალის დასაბეჭდად.

კონცერტში მონაწილეობას მიიღეს ქართველმა და უცხოელმა ვარსკვლავებმა, რომლებიც მართავენ კონცერტებს მსოფლიოს წამყვან საკონცერტო დარბაზებში, საუკეთესო ორკესტრებთან და დირიჟორებთან.

ქველმოქმედებაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს უსინათლო ქართველმა პიანისტმა თამარ შალვაშვილმა, თბილისის ოპერისა და ბალეტის წამყვანმა სოლისტმა სულხან გველესიანმა, უსინათლო ესპანელმა პიანისტმა იგნასი კამბრამ, იტალიაში მოღვაწე ქართველმა სოპრანომ მარიკა გულორდავამ, ჯულიარდის სტუდენტმა, პიანისტმა ზურაბ კობახიძემ, ნიუ ინგლენდ კონსერვატორიის სტუდენტმა, პიანისტმა ცოტნე ცოცხალაშვილმა, ახალგაზრდა ჩელისტმა სანდრო სიდამონიძემ, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიურმა ორკესტრმა და დირიჟორმა კახაბერ სოლომნიშვილმა.

კონცერტის დიდი ნაწილი დაეთმო უსინათლო მეგა ვარსკვლავს, ორი გრემის მფლობელს, ჯაზ-ვოკალისტსა და პიანისტს დაიან შოორს, რომელიც აღიარებულია, როგორც ახლანდელი მსოფლიოს ჯაზის პირველი ლედი. მას ჩაწერილი აქვს დუეტები რეი ჩარლზთან, ბიბი კინგთან, ხოსე ფელისიანოსთან. მისი მნიშვნელოვანი მენტორები იყვნენ ფრენკ სინატრა და სტენ გეტსი. ის თბილისში თავის ჯაზბენდთან ერთად ჩამოვიდა, რომლის წევრებიც არიან კონტრაბასისტი ბენ ვოლფი და დრამერი დონალდ ედვარდსი.

ასეთი ტიპის კონცერტი საქართველოში პირველად ჩატარდა. კონცერტის სპეციფიკიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, უბრალოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განსხვავებული პირობებია საჭირო.