23 მაისი, 2015

სტუდენტური კინოფესტივალი მეცხრედ გაიმართება

1amirani-facebookსაერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი “ამირანი“ წელს თბილისში მეცხრედ გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობის სურვილი 50-ზე მეტი ქვეყნის კინოსკოლამ გამოთქვა. სელექციის შედეგად საკონკურსო პროგრამაში 21 ქვეყნის 48 სტუდენტური ნამუშევარი მოხვდა. მათ შორისაა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, არგენტინა, ამერიკა, პოლონეთი, ბელგია, ესპანეთი, ირანი, სლოვაკეთი, ისრაელი, საბერძნეთი, ჩინეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, კუბა, კანადა, იტალია, ავსტრია, ავსტრალია და საქართველო.

2015 წლის „ამირანის“ ჟიური დაკომპლექტებულია სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებით. წელს სტუდენტთა ნამუშევრებს შეაფასებენ პეტერ სლანსკი (მიუნჰენის კინოსკოლის პროფესორი), ქსიე ფეი (კინორეჟისორი და პეკინის კინოაკადემიის პროფესორი), ნენად დიზდარევიჩი (სარაევოს კინოაკადემიის დეკანი) და ვადიმ პროდანი (კიშინიოვის კინოსკოლის პედაგოგი და კინორეჟისორი).

ჟიურის წევრები საკონკურსო პროგრამიდან გამარჯვებულებს გამოავლენენ ნომინაციებში: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციურ-ექსპერიმენტული ფილმი. გაიცემა ჟიურის მთავარი პრიზი და დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომელსაც ეუფლებიან სტუდენტები მსოფლიოს ყველა კინოსკოლაში: რეჟისურა, ხმის რეჟისურა და საოპერატორო ნამუშევარი.

ფესტივალის სტუმრები იქნებიან მსოფლიოს კინო და ტელესკოლების ასოციაციის პრეზიდენტი და საბჭოს წევრები. 1-2 ივნისს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში CILECT-ის სამუშაო შეხვედრა გაიმართება, ხოლო 7 ივნისამდე სტუმრები უნივერსიტეტის პროფესორებს, ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებსა და ამ სფეროს სხვა პროფესიონალებს შეხვდებიან. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა 4 დღიანი საკონკურსო კინოჩვენება, 5 მასტერკლასი, 2 პრეზენტაცია და ფესტივალის გახსნისა და დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიები. ყველა ღონისძიება გაიმართება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში და მათზე დასწრება თავისუფალია.

საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ 1980-იან წლებში დაარსდა. იგი მოიაზრებოდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე „თავისუფალ სივრცედ“, ფესტივალმა მრავალი სახელგანთქმული რეჟისორი დააჯილდოვა მათი სტუდენტობის პერიოდში. 2007 წელს აღდგენილი ფესტივალი მრავალწლიანი ისტორიითა და განახალებული სახით ჩაერთო კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის მსოფლიო პროცესში. მან უკვე დაიმკვიდრა თავი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის.

2-6 ივნისს დაგეგმილი სტუდენტური კინოს კვირეულის ორგანიზატორი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელწმიფო უნივერსიტეტია.