14 მაისი, 2015

სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი შვეიცარიაში მიიწვიეს

1samebaსამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში დაგეგმილ საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს, რომელიც ლეგენდარული ბალერინას მაია პლისეცკაიას ხსოვნას ეძღვნება.

სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის ხელმძღვანელის სვიმონ ჯანგულაშვილის განცხადებით:

”17 მაისს ჩვენი გუნდის სოლო კონცერტია, რომლის პირველ განყოფილებაშიც შევასრულებთ ჩვენი გენიალური იოსებ კეჭაყმაძის, გია ყანჩელის, იოსებ ბარდანაშვილისა და ზვიად ბოლქვაძის ნაწარმოებებს, ასევე კათოლიკოს-პატრიარქის ილია II საგალობლებს. მეორე განყოფილებაში კი შევასრულებთ ტრადიციულ საგალობლებსა და ხალხურ სიმღერებს. ძალიან ვღელავ ასეთ მნიშვნელოვან ფესტივალში, ერთად ამდენ უმაღლეს ოსტატთან ერთად ჩვენი გუნდი არასდროს გამოსულა, (თუმცა განებივრებულებიც ვართ დიდ და ცნობილ ქართველ მუსიკოსებთან ერთად სცენაზე ყოფნით) და საოცრად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.”

ფესტივალში სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი პირველად 14 მაისს ჩაერთვება, როცა პიანისტ ბორის ბერეზოვსკის საღამოზე ქართველი მგალობლები რამდენიმე ხალხურ სიმღერასა და საგალობელს შეასრულებენ.