28 მაისი, 2015

რას ითხოვს ნიაზ დიასამიძე?

1niazმომღერალი ნიაზ დიასამიძე, რომელიც არასოდეს გამოირჩეოდა საჯარო გამოსვლებით, ამჯერად ტრადიციას ღალატობს და ქართული საზოგადოების წინაშე ერთი თხოვნით გამოდის.

მუსიკოსი ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, ძალა ერთობაშია და თუკი ყველა მოვინდომებთ, ეს აუცილებლად გამოგვივა:

“გამარჯობა. აუქციონზე იყიდება ფიროსმანის ნამუშევარი. ხომ არ იცნობთ ისეთ ქართველს რომელიც შეიძენს ამ ნახატს, დააბრუნებს საქართველოში და, რა თქმა უნდა, აჩუქებს მუზეუმს?! პ.ს. ვოცნებობ.

მაქვს მეორე ვერსიაც 1 $ დავდოთ 1 000 000-მა მოქალაქემ და დავიბრუნოთ ფიროსმანის ფერწერა! აუქციონი ტრადება პირველ ივნისს, შანსი გვაქვს და თუ მივაწვებით, გამოგვივა. ძალა ერთობაშია!”

ფიროსმანის ტილო “არსენალის მთა ღამით” კრისტის აუქციონზე გასაყიდად არის გატანილი და ის რუსულ არტად არის მოხსენიებული. ამ თემაზე კულტურის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:

“საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ეხმაურება „კრისტის“ სააუქციონო სახლში 1 ივნისს დაგეგმილ აუქციონს, სადაც ნიკო ფიროსმანის ცნობილი ნამუშევრის „არსენალის მთა ღამით“ გაყიდვა იგეგმება. ნახატი რუსული ხელოვნების სექციაშია განთავსებული, თუმცა ლოტის აღწერისას მითითებულია, რომ მისი ავტორი ქართველია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიროგაძე უკვე ესაუბრა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელს დავით ლორთქიფანიძეს. შედეგად, უახლოეს მომავალში, მუზეუმი დაიწყებს მუშაობას იმ საკითხზე, რომ ქართველი მხატვრებისა და ხელოვანების ნამუშევრები არ მიაკუთვნონ რუსული არტის სექციას და მოხდეს ნამუშევრების იდენტიფიცირება შესაბამის განყოფილებასთან.”