13 მაისი, 2015

რა პროგრამით ჩადის საქართველო კანის კინოფესტივალზე?

1kani13 მაისს კანის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება. ქართული კინო მსოფლიო მნიშვნელობის კინოფესტივალზე მერვედ იქნება წარმოდგენილი.

ეროვნული კინოცენტრი საქართველოს პავილიონში გეგმავს შეხვედრებს რამდენიმე მიმართულებით: სხვა ქვეყნების კინოფონდებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმარება და ქართული პროექტებისათვის ალტერნატიული დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება; ევროპულ რეგიონალურ კინოფონდებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება; ·ახალი ქართული ფილმების შეთავაზება სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებისათვის; წლის განმავლობაში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების მოსამზადებელი შეხვედრების გამართვა, მათ შორის ანსის ანიმაციური ფილმების ფესტივალზე უკვე შერჩეული ქართული პროექტის წარდგენა. ტალინის ბნელი ღამეების ფესტივალზე საქართველო, როგორც ფოკუს ქვეყანა, პროგრამის შედგენა, ღონისძიებების დაგეგმვა. სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალის რეჟისორთა და სცენარისტთა ლაბში მარიამ ხაჭვანის პროექტის „დედე” მონაწილეობა. ჩინეთის კინოინდუსტრიის წამომადგენლებთან შეხვედრა. ინდოელ პროდიუსერებთან შეხვედრა, რომლებიც საქართველოში გადაღებით არიან დაინტერესებულნი, ასევე ინდოეთის ყველაზე მნიშვნელოვანი კინობაზრობის Film Bazaar წარმომადგენლებთან შეხვედრა. საქართველოს პოზიცირება, როგორც გადასაღებად მიმზიდველი ქვეყანა.

16 მაისს საქართველოს პავილიონში გაიმართება მიღება უცხოელი სტუმრებისთვის საქართველოს და ქართული კინოს პოპულარიზაციის მიზნით.

კანის კინობაზრობაზე სხვადასხვა მიზნით ასევე მიემგზავრებიან ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები რუსუდან ჭყონია, ვლადიმერ კაჭარავა, თინათინ ყაჯრიშვილი და ლაშა ხალვაში.
კანის ფესტივალზე “მსოფლიო პავილიონში” რუსუდან ჭყონია და ვლადიმერ კაჭარავა მონაწილეობენ პროექტით „ვენეცია”.

კანის კინობაზრობა არის მსოფლიო კინოს ეპიცენტრი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლები, ეროვნული კინოცენტრები და სხვა კინოინსტიტუციები. ეს არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს კინოპროფესიონალებს განავითარონ თანამშრომლობა, გააფართოვონ პროფესიული ქსელი, გააცნონ ერთმანეთს ბოლო პერიოდის მიღწევები და დასახონ სამომავლო გეგმები.