26 მაისი, 2015

რა ღონისძიებებია დეგეგმილი 26 მაისს?

126-maisiკულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სრული პროგრამა გაასაჯაროვა.

წელს ქვეყნის დამოუკიდებლობას 12 ქალაქი ერთიანი სცენარით აღნიშნავს. გადაკეტილ პროსპექტებზე არსებული კაფე-ბარები მოაწყობენ სადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვას. პირველი გიმნაზიის წინ “ყვავილების ზეიმის” ღონისძიება გაიმართება, ხოლო ოპერის წინ მხატვრები საკუთარ ნამუშევრებს გამოიტანენ. პროსპექტზე ივლიან პანტომიმისა და სხვადასხვა თეატრების მსახიობები. მოძრაობის თეატრი მცირე პერფორმანსებს დადგამს. მთავარ გამზირზე ბავშვებისთვის გასართობი ცენტრები მოეწყობა.

რუსთაველის გამზირზე განთავსდება სამინისტროების კარვები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან საინფორმაციო და გასართობი კუთხით. კულტურის სამინისტროს კარვებში მოეწყობა ხალხური რეწვის ოსტატების გამოფენა-გაყიდვა. რუსთაველის გამზირზე მისულ სტუმრებს საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსული ოსტატები მასტერკლასებს ჩაუტარებენ (თიხის ხელით ამოყვანა, ქარგვა, ბატიკა).

თბილისში ორი მთავარი სცენაა – პარლამენტის წინ და ევროპის მოედანაზე, სადაც 12:00–21:00 საათების შუალედში წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით ქართველი შემსრულებლების კონცერტები გაიმართება. ამავე სცენებზე მოეწყობა 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებების ფინალური კონცერტები, სადაც გამოვლენ ფოლკლორული ანსამბლები და შემოქმედებითი კოლექტივები.

სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე თბილისის ტანვარჯიშის ფედერაციის სპორტსმენები მთელი დღის განმავლობაში მხატვრულ ტანვარჯიშის პროგრამას წარმოადგენენ, სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები საკუთარ ნახატებს გამოფენენ, მევიოლინე ბავშვები კლასიკურ ნაწარმოებებს შეასრულებენ, ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია მთელი დღის განმავლობაში საკუთარ პროგრამას წარადგენს. პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ გაიმართება ყვავილების ფესტივალი “ვარდობისთვე თბილისში”, რომელიც წელს მეთერთმეტედ ტარდება. ყვავილების ფესტივალის ტერიტორიაზე განთავსებულ სცენაზე ბავშვთა სასულე ორკესტრი კონცერტს გამართავს.

დღესასწაულის დასკვნითი ნაწილი მუსიკალური პროექტი „ჩემო ციცინათელა“ იქნება, რომელიც სპეციალურად 26 მაისისთვის მომზადდა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებულ სცენაზე კონცერტი გაიმართება, რომელზეც 1918-21 წლების პირველი რესპუბლიკის პერიოდის სიმღერები ახალი, თანამედროვე ჟღერადობით შესრულდება. მაყურებელი იხილავს საინტერესო კომპილაციებს, მოისმენს ახალ დუეტებს, შეხვდება ქართული საესტრადო, ჯაზური, ელექტრონული, პოპ და როკ მუსიკის ვარსკვლავებს.

პროექტის რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი, მუსიკალური პროდიუსერი კი დავით ევგენიძე.
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გალა კონცერტი ჩატარდება. სადღესასწაულო ღონისძიებების დასასრულს შესრულდება ჰიმნი და 12-ვე ქალაქში ერთდოულად გაისვრიან სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ ფოიერვერკებს.

თბილისთან ერთად სადღესასწაულო ღონისძიებებში 11 ქალაქია ჩართული – ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, ამბროლაური, მცხეთა, თელავი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი, რუსთავი და ბათუმი. ყველა ქალაქში ესტრადის ცნობილი მომღერლები არიან გადანაწილებული და ისინი ადგილობრივებისთვის კონცერტებს ჩაატარებენ.