7 მაისი, 2015

ქართველი რეჟისორი შიმშილობას იწყებს

1giaრეჟისორი გია კაჭარავა შიმშილობას იწყებს. ის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გასამგზავრებელ ფინანსებს ითხოვს. რეჟისორი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიმართავს და სამინისტროსგან დაფინანსებას მოითხოვს.

რეჟისორის განცხადებით, კანის კინოფესტივალიდან პირადად მის სახელზე მოსულია მიწვევა, რომ კინოფესტივალზე მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის “ჩაო ჯორდანოს” ჩვენება მოეწყოს. კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა წერილით კულტურის სამინისტროსაც მიმართეს, თუმცა რეჟისორის თქმით, უწყებისგან არანაირი რეაგირება არ ხდება. რამდენიმე დღის წინ მიხეილ გიორგაძის უწყებას თავად გია კაჭარავამაც მიმართა, რომ ფესტივალზე გამგზავრების შესახებ პასუხი გაეგო, თუმცა კულტურის სამინისტრომ უარი განაცხადა მის დაფინანსებაზე, მიზეზად კი აღნიშნული განცხადების სამინისტროში შეტანის ვადები დასახელდა:

– როდესაც სამინისტროს მივმართე, რა ხდებოდა ფესტივალზე გამგზავრების თაობაზე, მათ მითხრეს, რომ აღნიშნული განცხადება 2 თვით ადრე უნდა შემეტანა სამინისტროში. ეს ფაქტობრივად უარია, რადგანაც 2 თვის წინ არც კი ვიცოდი მივდიოდი თუ არა, – ამბობს რეჟისორი.

გია კაჭარავა ფილმებს საკუთარი ხარჯებით იღებს, რადგან მას ეროვნულმა კინოცენტრმა არც ერთხელ არ დააფინანსა მისი პროექტები:

– კინოცენტრმა სცენარი რომ დამიწუნა, ფილმი ჩემით გადავიღე. უკვე მზა ფილმი ისევ მივიტანე კინოცენტრში ფესტივალებზე გასაგზავნად, მაგრამ ისევ უარი მითხრეს. როდესაც კანის კინოფესტივალიდან მოწვევა მივიღე, დღეს კინოცენტრს არ აძლევს ხელს მათი დაწუნებული ნამუშევარი სხვებმა აღიარონ.

გია კაჭარავას განცხადებით, ფესტივალი 12 მაისს იხსნება და არ არის გამორიცხული, დღევანდელი რეაგირება უკვე დაგვიანებულიც იყოს. ქართველ რეჟისორს ფესტივალზე გასამგზავრებლად 2.000 ევრო ესაჭიროება:

– შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული ვარ, ან პოლიტიკური თავშესაფარი ვეძებო, ან შიმშილობა გამოვაცხადო.