11 მაისი, 2015

ქართული კულტურის პოპულარიზაცია იწყება

1qartევროპაში თანამედროვე ქართული კულტურის პოპულარიზაცია იწყება. ლიტერატურული პრემია „საბა“ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ამ თემასთან დაკავშირებით აწყობს დისკუსიას „ქართული ლიტერატურა და ევროპა“.

ეს იქნება ევროპელი და ქართველი ლიტერატურული მიმომხილველების შეხვედრა-დისკუსია. უმსხვილესი ევროპული გამოცემების The Independent, Süddeutsche Zeitung, Die Zeit და Tageszeitung ლიტერატურის კრიტიკოსები და ჟურნალისტები შეხვდებიან ქართველ მწერლებს, ჟურნალისტებს, ლიტერატურის კრიტიკოსებს და ბლოგერებს. შეხვედრას თიბისი გალერეა უმასპინძლებს.

ღონისძიებას, რომელიც 11 მაისს ჩატარდება, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი და ბლოგერი ნიკო ნერგაძე გაუძღვება.

საპატიო სტუმრების ვიზიტი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც მრავალსაუკუნოვანი, ასევე თანამედროვე კულტურის გაცნობასა და პოპულარიზაციას.