9 მაისი, 2015

პირველად საქართველოში – პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი

1pantomimaქართული პანტომიმის თეატრი 50 წლის იუბილეს ზეიმობს. ამ იუბილეს მიეძღვნა პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალის დაფუძნება საქართველოში, რომელიც 13 მაისს ამირან შალიკაშვილის სახელობის ფონდის ინიციატივით გაიხსნება.

ფესტივალს ღია ცის ქვეშ პანტომიმის თეატრის მსახიობები სხვადასხვა სპექტაკლების ეპიზოდებით გახსნიან. ქართული, ევროპული და აღმოსავლური ემოციებით გაჯერებულ 10 დღიან ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ერევნის პანტომიმის თეატრი, მოძრაობის თეატრი, ქუთაისის პანტომიმის თეატრი, პანტომიმის თეატრის პირველი თაობის წარმომადგენელი გიორგი ოსეფაშვილი, რომელიც მასტერკლასს ჩაატარებს, მასტერკლასებს მოაწყობენ კაბუკის თეატრის მსახიობი მაკოტო ინოუე და მსოფლიო მიმების ორგანიზაციის პრეზიდენტი მარკოს სტოჟანოვიჩი.

სპეციალურად ამ ფესტივალისთვის საქართველოში ჩამოვა გერმანიის პანტომიმაც. მარსელ მარსოს მოწაფე JOMI იგივე Joseph Michael Kreutzer პანტომიმის თეატრში მისულ საზოგადოებას გრძნობებით და ემოციებით უსიტყვოდ ესაუბრება.

ფესტივალი 22 მაისს საქართველოში პანტომიმის დამაარსებლის ამირან შალიკაშვილის საღამოთი დაიხურება, სადაც “შექსპირის სონეტები” იქნება წარმოდგენილი.