6 მაისი, 2015

ფოთში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

1fotiფოთში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა გაიხსნა.

წარმომადგენლობის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოთის არჩილ ხორავას სახელობის ხელოვნების სასწავლებელში ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა “მახარია” და ,,კოლხი ბიჭების” უფროსმა და უმცროსმა თაობამ. მათ ქართული ხალხური (მეგრული) სიმღერები შეასრულეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში, ეტაპობრივად ხსნის ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობებს. პირველ ეტაპზე იხსნება ქართული ხალხური სიმღერის, ტრადიციული გალობისა და ქორეოგრაფიის სკოლები, რომლებშიც ყველა მსურველისთვის სწავლა უფასოა.

პროექტის მიზანია ქართული ფოლკლორის თითოეული დარგის თანაბარი განვითარება და აღორძინება, ფოლკლორის ნიმუშების მოძიება და მოვლა, უნიკალური ქართული სიმღერისა და ტრადიციული გალობის აღდგენა-გადარჩენა და პოპულარიზაცია. ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ფოლკლორის ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან რეგიონული და რაიონული ადგილობრივი ხელისუფლებისწარმომადგენლები.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა უკვე გაიხსნა და ფუნქციონირებს ხობში, ოზურგეთში, კასპში, ყვარელში, თეთრიწყაროში, ბორჯომისა და გორში.