Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნოდარ დუმბაძის ავტობიოგრაფია თეატრის სცენაზე გათამაშდება

1Nodar_Dumbadzeქართულ მწერლობაში ერთ-ერთი გამორჩეული შემოქმედის ნოდარ დუმბაძის ავტობიოგრაფია ახმეტელის თეატრის სცენაზე გათამაშდება.

3 მაისს ახმეტელის თეატრში პრემიერაა. ნოდარ დუმბაძე თავისი ჩვეული სევდანარევი იუმორითა და კოლორიტული პერსონაჟებით, რომლებიც დიდი ხანია შეიყვარა ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გაცოცხლდება ახმეტელის თეატრის სცენაზე.

სპექტაკლი “ღმერთო, რისთვის?“ რეჟისორმა ნუგზარ გაჩავამ ნოდარ დუმბაძის მოთხრობების „მზიანი ღამე“, „ღმერთო რისთვის?“, „ნუ გეშინია დედა“ მიხედვით განახორციელა. მასვე ეკუთვნის ინსცენირებაც, წარმოდეგნის მხატვარი აივენგო ჭელიძეა. საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობენ ნუგზარ ყურაშვილი, გიგი მიგრიაული, მარინა ხარჩილავა, მზია ტალიაშვილი, თამთა პატაშური, ვალერი ტორონჯაძე, ვასო შიხაშვილი და ვაჟა ციცილოშვილი.

მაყურებლის თვალწინ თამაშდება ფრაგმენტები ნოდარ დუმბაძის ავტობიოგრაფიიდან, იგი იხსენებს თავის თმაჭაღარა დედას, რომელსაც საბჭოთა რეპრესიების „წყალობით“ თორმეტწლიანი განშორების შემდეგ ხვდება, იგონებს გაუზიარებელ სიყვარულს, რომელმაც ტკივილი მიაყენა, თბილისელი კოლორიტი ვანიჩკა ბიძია და მეგობრობა ძველ თბილისურ იტალიურ ეზოში.

სპექტაკლს ლაიტმოტივად გასდევს უდანაშაულო ადამიანების ტრაგედია, რომლებიც ეპოქის და სისტემის მსხვერპლნი ხდებიან… ღმერთო რისთვის? სევდიანი განშორების შემდეგ დგება დრო, როდესაც 20 წლის მიტო დედას ესაუბრება, ის 20 წლისაა არც დიდია და არც პატარა, მაგრამ ცხოვრება კიდევ კარგა ხანს გაუჭირდება…..

ახალი სპექტაკლი ახმეტელის თეატრში 9 და 24 მაისსაც იქნება წარმოდგენილი.