Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მირზა შაფის დასაცავად აქციები იწყება

1mirza“ტფილისის ჰამქარი” მირზა შაფის დასაცავად აქციებს იწყებს. აქციების დაწყებამდე კი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

“სპეციალურმა საბჭომ მირზა შაფის კონკურსის გამარჯვებული “პროექტი” დაასახელა. ხმები ზუსტად ორ ნაწილად გაიყო, ყველა ჩინოვნიკმა მხარი დაუჭირა “დემარკის” პროექტს და მოწვეული ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არსებული პროექტი გულისხმობს 8-12 სართულის განაშენიანებას გუშინდელ სხდომაზე ინვესტორმა, გიორგი სვანიძემ განაცხადა, რომ მისი სურვილია აითვისოს ბააზოვის ქუჩა, შეცვალოს მოცულობა და შესაბამისად – გრგ, რაც ნიშნავს რომ მივიღებთ უფრო დიდ განაშენიანებას, ვიდრე წარმოდგენილ ფოტოებზეა და გამოდის, რომ საბჭომ მოიწონა პროექტი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს!

მირზა შაფი, გუდიაშვილის მოედანი, იმელი, პანორამა-თბილისი, ვაკის პარკი, იპოდრომი….. ჩვენ რეალურად ვკარგავთ ქალაქს!

“ტფილისის ჰამქარი” გადადის მოქმედების აქტიურ ფაზაში, ჩვენ უახლოეს ხანში გაგაცნობთ ინფორმაციას ჩვენი სამოქმედო გეგმის შესახებ, იმედი გვაქვს თითოეული თქვენგანის მხარდაჭერის!”

მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზურ პროექტზე თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და შპს „აპოლო გ.ს.“-ს მიერ გამოცხადებული ერთობლივი საჯარო კონკურსის გამარჯვებული უკვე გამოვლენილია. რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ, საკონკურსო კომისიამ ღია კონკურსის ფორმით, ანონიმურობის პრინციპის დაცვით, გამოავლინა გამარჯვებული ესკიზური პროექტი, რომელიც არქიტექტურულ კომპანია „დემარკს“ ეკუთვნის (არქიტექტორი ვლადიმერ აბრამიშვილი). გამარჯვებულ პროექტს ინვესტორი კომპანია 20 000 აშშ დოლარით დააჯილდოვებს.

გარკვეული კორექტირების შემდეგ გამარჯვებული ესკიზური პროექტი მიიღებს საბოლოო სახეს და ისტორიული მირზა შაფის ქუჩის ტერიტორიაზე განხორციელდება. გამარჯვებული პროექტის უპირატესობებს შორის სივრცეების გადანაწილების თვალსაზრისით სწორი კონცეპტუალური მიდგომა დაასახელდა.

პროექტი გადამუშავდება და გაივლის ყველა იმ პროცედურას, რომელიც განაშენიანების რეგულირების გეგმას სჭირდება შეთანხმებისთვის.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კონკურსზე წარმოდგენილი ესკიზები თბილისის საკრებულოს ფოიეში მიმდინარე წლის 8 მაისს გამოიფინა. დამსწრე საზოგადოებას იქვე შეეძლო საკუთარი არჩევანის დაფიქსირება. აღსანიშნავია, რომ ხმათა უმეტესობა სწორედ გამარჯვებულმა პროექტმა დააგროვა.

კონკურსის მიზანი იყო თბილისში, მირზა შაფის ქუჩის, კერძოდ, შპს „აპოლო გ.ს.“-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განვითარების ქალაქგეგმარებითი, სივრცითი და მოცულობითი საუკეთესო გადაწყვეტის გამოვლენა. კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ნებისმიერ არქიტექტორს, ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს. კონკურსის მიმართ დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო, თუმცა, საკონკურსო პირობები მხოლოდ 9 მონაწილემ დააკმაყოფილა.

შემოსული განაცხადებიდან საკონკურსო კომისიამ 3 საუკეთესო ესკიზური პროექტი გამოავლინა, საიდანაც ერთმა ნამუშევარმა გაიმარჯვა.

კომისიის შემადგენლობაში თბილისის მერიის წარმომადგენლების გარდა, იყვნენ საჯარო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.