2 მაისი, 2015

მაია პლისეცკაია გარდაიცვალა

1Maya_Plisetskaya89 წლის ასაკში მსოფლიოში ცნობილი პრიმა ბალერინა მაია პლისეცკაია გულის შეტევით გარდაიცვალა. მოცეკვავე გერმანიაში იმყოფებოდა.

ეს სამწუხარო ინფორმაცია რუსულმა პრესამ გაავრცელა. როგორც ჟურნალისტებს დიდი თეატრის დირექტორმა ვლადიმერ ურინმა განუცხადა, ეს სამწუხარო ამბავი მას ბალერინას მეუღლემ კომპოზიტორმა როდიონ შედრინმა შეატყობინა:

“დამირეკა მაია პლისეცკაიას მეუღლემ როდიონ შედრინმა და მითხრა, რომ მაია პლისეცკაია გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ექიმები იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ, ვერაფერს გახდნენ.”

მაია პლისეცკაიამ თავისი განუმეორებელი სინაზითა და სინატიფით მაყურებლის დიდი სიყვარული დაიმსახურა. მისი პირველი პარტია დიდ თეატრში იყო მაშას პარტია ჩაიკოვსკის ბალეტში “მაკნატუნა”, რასაც მოყვა ბალეტები “ჟიზელი”, “კონკია”, “რაიმონდა”, “დონ კიხოტი”. პრიმაბალერინამ 60 წელი იცეკვა და წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო საბალეტო ისტორიაში. მისი გედის პარტია კი ნამდვილ შედევრად იქნა აღიარებული.

მაია პლისეცკაია თბილისში ბოლოს გასულ წელს იმყოფებოდა. მან და მისმა მეუღლემ სურვილი გამოთქვეს მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის მშენებლობაში ჩართულიყვნენ.