8 მაისი, 2015

მაჩხაანის თეატრი შველას ითხოვს

1machxaaniქვემო მაჩხაანის თეატრი შველას ითხოვს. შენობას რეაბილიტაცია ესაჭიროება, რომ ის კვლავ ფუნქციონირებადი გახდეს და კახეთისა და მთელი აღმოსავლეთ საქართველოს კულტურულ ცენტრად იქცეს.

მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, ქვემო მაჩხაანის თეატრში სეზონს ახმეტელის თეატრი გახსნის. ეს თეატრი და მისი უნიკალური შენობა-ნაგებობა XIX საუკუნის მიწურულს ქიზიყის მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით, ადგილობრივი ინტელიგენციის თაოსნობით ააშენა! თეატრის მშენებლობაში მთელი ქიზიყი იღებდა მონაწილეობას.

გაზეთი ივერია თეატრის საზეიმო გახსნის შესახებ წერს: “1899 წლის ივლისს წარმოადგინეს ქვემო მაჩხაანის თეატრის ახალ შენობაში “ხანუმა“ ა. ცაგარელისა და ადგილობრივ სცენის მოყვარეთა დახმარებით. წარმოდგენას ქიზიყის რჩეული საზოგადოება და დიდძალი ხალხი დაესწრო. (ღარიბნი უფასოდ) წარმოდგენიდან შემოვიდა ოც თუმნამდის,რომელმაც უნდა გაისტუმროს თეატრისთვის ახლად აგებული შენობის ვალი…“

ქართული თეატრის რეფორმატორი, გენიალური ქართველი რეჟისორი სანდრო ახმეტელი თავის პირველ წარმოდგენებს სწორედ მაჩხაანის თეატრში მართავდა!

სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრს აქვს პატივი 14 მაისს ქვემო მაჩხაანის თეატრის უნიკალურ შენობაში საქველმოქმედო სპექტაკლი “მოძღვრის აღსარება” წარმოადგინოს, რომელიც მამა პეტრე კვარაცხელიას ლექსების მიხედვით არის შექმნილი და თავისი წვლილი შეიტანოს უნიკალური თეატრის აღდგენის საქმეში!