1 მაისი, 2015

KOLGA TBILISI PHOTO 2015 იწყება

1kolgaმე-14 საერთაშორისო ფოტოკონკურსი “ქოლგა” წელს 1-7 მაისს გაიმართება. ფოტოკონკურსი წლის საუკეთესო ფოტოების ჩვენებით და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალით გაიხსნება.
წლევანდელ ფოტოკონკურსში მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ფოტოგრაფმა მიიღო. წლის საუკეთესო ფოტოები კი 9.000-მდე ფოტოდან შეირჩა. მონაწილეთა მრავალფეროვნებამ და ფოტოკონკურსის საერთაშორისო დონემ განაპირობა კონკურსში მიღებული ფოტოების მაღალი ხარისხი.

წელს ფოტოკონკურსი გამოცხადდა ნომინაციებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი და “ჯეოსელის” მობილური ფოტო, ქვენომინაციებით ერთი კადრი და მობილური ფოტო სერია. წლევანდელი ფოტოკონკურსის გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა და გამარჯვებულები 1 მაისს “წლის საუკეთესო ფოტოების” ჩვენებაზე გამოცხადდებიან.

ფოტოკონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 6.000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში და ეს თანხა ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ. “ჯეოსელის” მობილურ ფოტონომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური პრიზი “ჯეოსელისგან” მობილური ტელეფონი Iphone 6.

2015 წლის ფოტოკვირეულის ფორმატი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და KOLGA TBILISI PHOTO 2015,  ფოტოკონკურსი “ქოლგას” ფოტოჩვენების გარდა, 1 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს 12 საერთაშორისო და ადგილობრივ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ფოტოგამოფენის გახსნას: რიჩარდ ბრემის (აშშ), ქრის სასპექტის (აშშ), ოივინდ ჰიელმენის (ნორვეგია) და სოლ რობინსის (აშშ) ჯგუფურ გამოფენაზე “ისტორიები ამერიკიდან“; ფოტოპროექტზე “ურბანული ლაბირინთი – გალერეა კოპელმანი”; საერთაშორისო კონკურსის “UNICEF”-ის წლის ფოტოს “საუკეთესო ფოტოების და რეპორტაჟების გამოფენაზე “ბავშვები. მომავალი დღეს”; გამოფენაზე „აფრიკის ხედები“ სააგენტო ლაიფთან თანამშრომლობით; დორტმუნდის გამოყენებითი მეცნიერებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფურ გამოფენაზე „ჩვეულებრივს მიღმა“; National  Geographic საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ფოტოების; ბრაიან გრიფინის (დიდი ბრიტანეთი) და კიმ ბადავის (აშშ) ფოტო გამოფენებზე. ასევე, წარმოდგენილი იქნება ქართველი ფოტოგრაფების ნათელა გრიგალაშვილის და გურამ თიკანაძის პერსონალურიგამოფენები. KOLGA TBILISI PHOTO მასპინძლობს ფილიპინელი ხელოვანის მაიკლ ვინსენტ მანალოს ინსტალაციას „ქოლგის ქრონიკები V“.

KOLGA TBILISI PHOTO-ს ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება შახ აივაზოვის რჩეული ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით “ომის ხაზი”, რომელსაც ქართული ფოტოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „KOLGA TBILISI PHOTO ” და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გადასცემს ალექსანდრე როინაშვილის ტრადიციულ პრიზს და პრემიას.

ფოტოკვირეულის განათლების სექცია წელსაც უმასპინძლებს საერთაშორისო ფოტოექსპერტების 6 ვორქშოფს და უცხოელი ფოტოგრაფების, კურატორების, არტ კრიტიკოსების პორტფოლიო განხილვებს, რაც საშუალებას აძლევს საქართველოში მცხოვრებ ფოტომოყვარულებს და პროფესიონალ ფოტოგრაფებს უფასოდ აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ საუკეთესო გამოცდილება. ამით, KOLGA TBILISI PHOTO ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოში ფოტოხელოვნების კიდევ უფრო პოპულარიზაციასა და განვითარებაში.