10 მაისი, 2015

ჯიფონის კინოფესტივალზე ქართველები მიიწვიეს

1giffoniჯიფონის კინოფესტივალზე, რომელიც იტალიაში, ჯიფონში უკვე 45–ედ ტარდება, წელს 13–17 წლის 7 ქართველი ბავშვი გაემგზავრება. ფესტივალის მონაწილე ბავშვები თავად ჯიფონის წარმომადგენლებმა შეარჩიეს და მათ იტალიაში მოსახვედრად კონკურსის რამდენიმე ტურის გავლა მოუწიათ.

ბავშვების შერჩევა მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. გამარჯვებულებს შორის მოხვდნენ როგორც თბილისის, ასევე ხელვაჩაურისა და თელავის წარმომადგენლები თინათინ ტაბიძე, ანი მაჩაიძე, ელენე ნაირაშვილი, რამაზ ცხადაძე, გვანცა ნადირაძე, გიორგი ზიბზიბაძე და მეგი დიასამიძე. გამარჯვებულ ბავშვებს ფესტივალის შარშანდელი მონაწილე 4 ქართველი ბავშვიც შეუერთდება. საქართველოს გარდა ასეთი მრავალრიცხოვანი დელეგაციით არც ერთი სხვა სტუმარი ქვეყანა არ არის წარმოდგენილი. ბავშვები იტალიაში 17 ივლისს გაემგზავრებიან.

ჯიფონი არის კინოფესტივალი, სადაც ჟიურის წევრები ბავშვები და მოზარდები არიან. ყოველწლიურად 3000 ბავშვი მსოფლიოს 50 ქვეყნიდან უყურებს ფილმებს სხვადასხვა ნომინაციაში, განიხილავს მათ და გამოავლენს საუკეთესოს. ჟიურის წევრთა ასაკი 3-დან 18 წლამდე მერყეობს და ისინი ასაკის შესაბამისად სხვადასხვა სექციებში არიან გადანაწილებულნი.

ოქტომბერში საქართველო თავად იქნება მასპინძელი და ჯიფონის კინოფესტივალს თბილისში 4 დღის განმავლობაში გამართავს. ფესტივალში 500 ბავშვი მიიღებს მონაწილეობას, ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ჯიფონის წარმომადგენლები და საერთაშორისო ჟიურის წევრი ბავშვები ეწვევიან. ეს იქნება ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომლის მოსამზადებელი სამუშაოებიც უკვე დაიწყო.