31 მაისი, 2015

გივი ჭიჭინაძეს მემორიალურ დაფას გაუხსნიან

1givi-chichinadzeბავშვების ერთ-ერთ საყვარელ კლასიკოს პოეტს გივი ჭიჭინაძეს პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მემორიალურ დაფას გაუხსნიან. ინფორმაციას საბავშვო და ახალგაზრდული ლიტერატურისა და პრესის ასოციაცია ,,სალპა” ავრცელებს:

“1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს საზეიმოდ გაიხსნება ჩვენი ბავშვების საყვარელი კლასიკოსი პოეტის, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, გივი ჭიჭინაძის სახელობის მემორიალური დაფა. მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაგრძელდება მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში.”

გივი ჭიჭინაძე ფართო საზოგადოებისთვის პოეტად არის ცნობილი, თუმცა მან თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სოხუმის და რუსთაველის თეატრებში, ნახევარ საუკუნეზე მეტი კი საბავშვო ლიტერატურას ემსახურებოდა. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ესტონურ და აზერბაიჯანულ ენებზე. გივი ჭიჭინაძის პიესები ქართული თეატრების სცენებზე იდგმებოდა. პოეტი გადაღებულია ათამდე ფილმში.

გივი ჭიჭინაძე 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.