24 მაისი, 2015

,,ევროვიზია 2015’’ შვედეთმა მოიგო

14444საიუბილეო მე-60-ე ევროვიზია შვედეთმა მოიგო. ევროფესტივალში 40 ქვეყანა მონაწილეობდა, ფინალში გადასვლა კი 27-მა ქვეყანამ შეძლო. გამარჯვებული შვედეთის წარმომადგენელი Måns Zelmerlöw გახდა, საკონკურსო სიმღერით Heroes. ამ გამარჯვებით შვედეთმა ევროვიზია 2016-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა.

გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად (50%/50%) გამოავლინეს.

2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნინა სუბლატი, სიმღერით Warrior მე-11 ადგილზე გავიდა.

საიუბილეო, ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ვენა, ავსტრია მასპინძლობდა. კონკურსის ნახევარფინალები 19 და 21, ხოლო ფინალი 23 მაისს ჩატარდა.

შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.

საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, როდესაც სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიმსახურა, სიმღერით My Story.

2008 წელს ქვეყანა ევროფესტივალზე დიანა ღურწკაიამ წარადგინა, სიმღერით Peace Will Come. მომღერალი 11-ე ადგილზე აღმოჩნდა.

2009 წელს საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ჯგუფი “სტეფანე და 3G” გახდა, თუმცა მოგვიანებით, საქართველომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

2010 წელს ოსლოში გამართულ რიგით 55-ე ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი სოფო ნიჟარაძე საუკეთესო ათეულში მოხვდა. მან მეცხრე ადგილი დაიკავა.

2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა “Eldrine”, სიმღერით One More Day მეცხრე ადგილი დაიკავა.

2012 წელს ქართველი კონკურსანტი ანრი ჯოხაძე, სიმღერით I’m a Joker ევროფესტივალს ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა.

2013 წლის ევროფესტივალზე საქართველო სოფო გელოვანმა და ნოდიკო ტატიშვილმა წარადგინეს, სიმღერით Waterfall და მე-15 ადგილი დაიმსახურეს. 2014 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსი კოპენჰაგენში გაიმართა. ქართველი კონკურსანტები The Shin & მარიკო, სიმღერით Three Minutes to Earth ევროფესტივალს ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშნენ.