20 მაისი, 2015

დადიანების უნიკალური საგანძური თბილისშია

1dadianebiზუგდიდის დადიანების სასახლეებიდან თბილისში სამეგრელოს მთავრების უნიკალური საგანძური ჩამოიტანეს. ექსპონატები ხელოვნების სასახლეშია გამოფენილი.

მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნაპოლეონ პირველის ნიღაბი, რომელიც მსოფლიოში სულ რამდენიმეა. ნიღაბი ზუგდიდის გარდა ვერსალში, ინვალიდების სასახლესა და მეტროპოლიტენ მუზეუმში ინახება. ბრინჯაოს ნიღაბი, ანატომიის პროფესორმა, ფრანჩესკო ანტომარკმა 1833 წელს პარიზში ჩამოასხმევინა. აღსანიშნავია, რომ ნიღაბი საქართველოში სალომე დადიანი-მიურატის მეშვეობით აღმოჩნდა.

ხელოვნების სასახლის საექპსოზიციო დარბაზებში ასევე წარმოდგენილია საფრანგეთისა და რუსეთის საიმპერატორო ოჯახების ძვირფასი ნივთები, ფაიფური და ბროლი. აქვეა ეკატერინე ჭავჭავაძისა და ნიკო დადიანისთვის ექსკლუზიურად დამზადებულ ჭურჭელი.

თბილისში პირველად იფინება დადიანების სამხედრო კოლექცია, მათ შორის გამორჩეულია ოქროთი და ვერცხლით მოსევადებული ცეცხლსასროლი იარაღი, ფრანგული შაშხანები, ოსმალური დამბაჩები, ქართული ხმლები.

გამოფენაზე წარმოდგენილია ოქროს ალბომი, რომელიც დადიანებს იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ აჩუქა, ასევე ჩინეთის იმპერატორის მიერ საჩუქრად გამოგზავნილი ძვირფასი ლარნაკი.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.