7 მაისი, 2015

ჩაიკოვსკის იუბილე თბილისში აღინიშნება

1chai17 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება დიდი რუსი კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის 175 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომლის ორგანიზოტორები არიან საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი “რუსული კლუბი” და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი.

თბილისის ოპერის თეატრის სოლისტებთან თეიმურაზ გუგუშვილთან, ირინე რატიანთან, მარიკა მაჩიტიძესთან, ელენა პუტილოვასთან, ნიკოლოზ ლაგვილავასთან, ზაალ ხელაიასთან ერთად საიუბილეო კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია.

კონცერტს დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს, სადაც აჟღერდება არიები და დუეტი ჩაიკოვსკის ოპერებიდან და კომპოზიტორის N1 საფორტეპიანო კონცერტი.

რუსი კომპოზიტორის ცხოვრება და მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან. იგი ჩვენს ქვეყანაში ხუთჯერ იმყოფებოდა. ცხოვრობდა მაშინდელი ტფილისის ძველ უბანში, სოლოლაკში. თბილისში მსახურობდა მისი ძმა, ანატოლი და მასთან სტუმრობისას, ჩაიკოვსკი აქტიურად იყო ჩართული დედაქალაქის არა მხოლოდ მუსიკალურ, არამედ სრულიად კულტურულ ცხოვრებაში, ახლოს იცნობდა თბილისური ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლებს და აქ ქმნიდა უამრავ მუსიკალურ ნაწარმოებს.