26 მაისი, 2015

ბორჯომში უნიკალური ძეგლის რეაბილიტაცია იწყება

1borjomiსაქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ბორჯომში მდებარე უნიკალური არქიტექტურული ძეგლის რეაბილიტაციას იწყებს.

განსაკუთრებული მხატვრული ღირებულების რამდენიმე ასეული გადარჩენილი, განვითარებული და რეაბილიტაციის პროცესში არსებული ძეგლების პარალელურად, ბორჯომის პარკში მდებარე 1895 წელს აგებული, განუმეორებელი არქიტექტურული ძეგლის, კავალერიის კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები, კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი სარეაბილიტაციო ძეგლთა პროგრამული უზრუნველყოფით განხორციელდება და ბორჯომის პარკის უძველეს არქიტექტურულ შენობაში თანამედროვედ ადაპტირებული მუზეუმ-გალერეა გაიხსნება.

კავალერიის კორპუსის რეაბილიტაცია 2018 წლამდე დასრულდება და ეს იქნება კიდევ ერთი საუკეთესო მაგალითი თუ რა პროცესები და ეტაპებია გადასალახი განადგურებული ძეგლის განვითარებისთვის, რომელიც ქვეყნის მემკვიდრეობის წარმოჩენის, პოპულარიზაციისა და ტურიზმის განვითარების საფუძველი ხდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკა ანთიძის ძალისხმევით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწობით, ბორჯომის პარკში წლების განმავლობაში მიტოვებული და უფუნქციოდ დარჩენილი კავალერიის კორპუსი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უსასყიდლოდ გადმოსცა.

კავალერიის კორპუსი ბორჯომის მხარეთმცოდენეობის მუზეუმის შენობის თანადროულია. ქვის, ფსევდო-გოთურ სტილში ნაგები შენობა, მაღალი ფრონტონებით, მანსარდით, სარდაფით, კოშკებითა და მისი მხატვრულ-არქიტექტურული ფორმებით, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (რომანოვების კანცელარიის) დაცული უმდიდრესი კოლექციის სრულფასოვანი წარმოჩენის საუკეთესო საშუალებას იძლევა.