2 მაისი, 2015

ანჩის სახარება „პოპულარული დოკუმენტი“ გახდა

1Anchis_sakharebaსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ანჩის სახარება, რომელიც XII-XIII საუკუნეებით არის დათარიღებული, პირველი ქართული დოკუმენტია, რომელიც საარქივო პორტალის ევროპული ქსელის განსაკუთრებულად ღირებული და ისტორიულად მნიშვნელოვანი დოკუმენტების სექციაში „პოპულარული დოკუმენტი“ განთავსდა.

ევროპული პორტალის ვებგვერდზე ანჩის სახარებას ცალკე გვერდი დაეთმო, სადაც წარმოდგენილია როგორც დოკუმენტის ვიზუალური მასალა, ასევე მოკლე აღწერილობა.

ხელნაწერს აქვს ტვიფრული, ტყავგადაკრული, ვერცხლის ფირფიტებითა და შუაში განთავსებული მოზრდილი მწვანე თვლით შემკული შავი ყდა; გადაწერილია XII საუკუნეში შავი მელნით; საზედაო ასოები და თავსამკაულები სინგურით. ახლავს მათე მახარებლის მინიატურა. მოჭედილია დაახლოებით 1204-1207 წლებში ბექა ოპიზრის მიერ. თუმცა მის ნამუშევარს ჩვენამდე არ მოუღწევია და ამჟამად ხელნაწერს გვიან შუა საუკუნეებში მოჭედილი ყდა აქვს. ოთხთავის ბოლოს დართულ ვრცელ ანდერძში მოხსენიებული არიან თამარ მეფე, დავით სოსლანი და ლაშა-გიორგი, ასევე, ანჩელი ეპისკოპოსები.

საარქივო პორტალის ევროპული ქსელის მისიაა ევროპულ არქივებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება მათი მასალების ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით.
პროექტის ფარგლებში, საარქივო პორტალის ევროპული ქსელის პარტნიორი ქვეყნები, რომლებსაც საქართველო გასულ წელს შეუერთდა, „პოპულარული დოკუმენტის“ სექციაში პერმანენტულად ათავსებენ განსაკუთრებული მნიშვნელობის ცალკეულ დოკუმენტებსა თუ მთლიან კოლექციებს. აღნიშნული მასალა ვებგვერდის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ გაეცნოს და საფუძვლიანად შეისწავლოს ევროპული კულტურის საგანძური.

ამჟამად, პორტალზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ისლანდიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, გერმანიის, ირლანდიის, ლიტვის, უნგრეთის, ესპანეთის, შვედეთის, ნიდერლანდების, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის 18 პოპულარული დოკუმენტია წარმოდგენილი.

საარქივო პორტალის ევროპული ქსელის ვებგვერდის საშუალებით, საქართველოს ეროვნული არქივი მომავალშიც გააგრძელებს მის ფონდებში დაცული უნიკალური მასალის საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიწოდებას.