16 მაისი, 2015

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს

1xxxსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა კონკურსი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსში მონაწილე კანდიდატებს შორის იყო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ბუბა კუდავაც.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის შესარჩევ კონკურსში კომისიის წევრები იყვნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები გიორგი შარვაშიძე და თამაზ მარსაგიშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი აპოლონ სილაგაძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი მარინე ჩიტაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის წევრი ლევან გორდეზიანი, აკადემიკოსი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი ზაზა ალექსიძე და ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე. კომისიამ 7 ხმით 2-ის წინააღმდეგ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად აირჩია ზაზა აბაშიძე.

– აბსოლუტურად იგნორირებულ იქნა თანამშრომელთა რეკომენდაციები ბუბა კუდავას არჩევასთან დაკავშირებით. 9 კაციანი კომისიაც ძირითადად შედგებოდა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისაგან. შედეგად, როგორც ცნობილია ცენტრის დირექტორად არჩეულ იქნა ზაზა აბაშიძე. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება იყო სუბიექტური. კომისიის უმრავლესობამ არ გაითვალისწინა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა პოზიცია, ამიტომ ისინი არ აღიარებენ უსამართლო წესით დანიშნულ „დირექტორს“! თანამშრომლები ერთხმად ვაცხადებთ, რომ არ დავუშვებთ ჩვენი არჩევანის უგულებელყოფას და არ მივიღებთ მსგავსი ფორმით შერჩეულ დირექტორს! – აცხადებენ ხელნაწერთა ეროვნული ცეკნტრის თანამშრომლები.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ასევე ითხოვენ გაუქმდეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები:

– ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები სრულ უნდობლობას ვუცხადებთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეულ კომისიას, რადგან კომისიის უმეტესობას წარმოადგენდა სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული უწყების წარმომადგენლები; კანდიდატ ბუბა კუდავას სააპლიკაციო საბუთებს – ქართველ და უცხოელ მეცნიერთა მრავალრიცხოვან სარეკომენდაციო წერილებს – კომისიის წევრები არ გაცნობიან; ამ ფონზე ბუნდოვანი და გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმებისა და რომელი კონცეფციის საფუძველზე მოხდა დირექტორის კანდიდატის შერჩევა; არ იყო გათვალისწინებული ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა პოზიცია დირექტორის კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით. კომისიაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პოზიციის გამომხატველი იყო მხოლოდ ერთი პიროვნება, რაც საკმარისი არ იქნებოდა ცენტრის ინტერესების დასაცავად. ასევე მოვითხოვთ დაუბრუნდეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, მის სამეცნიერო საბჭოს, დირექტორის არჩევის უფლება, ათწლეულების განმავლობაში ხელნაწერთა ინსტიტუტი, ხოლო 2007 წლიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭო თავად ირჩევდა დაწესებულების დირექტორს. 2011 წლიდან სამეცნიერო დაწესებულებებს დირექტორის არჩევის უფლება ჩამოერთვა. მოვითხოვთ, გაუქმდეს ამ საკითხთან დაკავშირებით კანონში შეტანილი უსამართლო ჩანაწერი და დაუბრუნდეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა მიერ არჩეულ სამეცნიერო საბჭოს უფლება, თავად აირჩიოს ის ხელმძღვანელი, რომელიც პროფესიულად ხედავს ცენტრის განვითარების პერსპექტივას. შეიცვალოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელი უწყება, რადგან ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობა ვერ აცნობიერებს იმ ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება, როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელ უწყებას. მოვითხოვთ, გადაეცეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელი ფუნქცია საქართველოს პარლამენტს.