14 მაისი, 2015

რატომ ვერ მოხვდა სამეფო უბნის თეატრი ,,დურუჯის’’ ნუსხაში?

1samefoთეატრალური პრემია “დურუჯის” ვრცელ ნუსხაში წელს ვერ მოხვდა სამეფო უბნის თეატრი და მისი სპექტაკლები. საზოგადოების და თეატრის ერთგული მაყურებლის მხრიდან ამ ფაქტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია.

სამეფო უბნის თეატრმა ამ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და სპეციალური განცხადებაც გაავრცელა:

“ძვირფასო მეგობრებო, რადგან ჩვენს ერთგულ მაყურებელს უჩნდება კითხვები, რატომ არ არის სამეფო უბნის თეატრი წარმოდგენილი თეატრალური პრემია „დურუჯის“ გრძელ სიაში, გადავწყვიტეთ გავავრცელოთ განცხადება:

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ფაქტი არავითარ შემთხვევაში არ არის ჩვენი პრინციპული პოზიციის, ან პროტესტის გამოხატვა.

წლევანდელ თეატრალურ პრემია „დურუჯზე“ სამეფო უბნის თეატრი აპირებდა ორი სპექტაკლის წარდგენას, თუმცა უკიდურესად გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, რომელიც სამეფო უბნის თეატრს მაისის სამი პრემიერისა და სამი გასტროლის მომზადების გამო ჰქონდა, თეატრმა ერთი სამუშაო დღით დაიგვიანა საკონკურსო განაცხადის შეტანა. პრემიის ორგანიზატორებმა კი დებულებას არ გადაუხვიეს და დაგვიანებული განაცხადები აღარ მიიღეს, რის გამოც სპექტაკლები „ტკივილი არის ახალგაზრდობა“ და „ბეჩავი“ კონკურსზე არ დაიშვა.

სამეფო უბნის თეატრის მთელი ანსამბლი უსურვებს წარმატებას ყველა ქართულ თეატრსა და თითოეულ კონკურსანტს 2015 წლის თეატრალურ პრემია „დურუჯზე“: დათა თავაძე, დავით გაბუნია, მიხეილ ჩარკვიანი, ქეთი ნადიბაიძე, თორნიკე გოგრიჭიანი, კატო კალატოზიშვილი, ქეთა შათირიშვილი, ნატუკა კახიძე, მაგდა ლებანიძე, სალომე მაისაშვილი, პაატა ინაური, იაკო ჭილაია, გიორგი შარვაშიძე და გაგა შიშინაშვილი.”