19 აპრილი, 2015

უხუცეს ლოტბარს კონცერტს მიუძღვნიან

1`andro92 წლის უხუცეს ლოტბარს ანდრო სიმაშვილს თელავის თეატრში კონცერტს მიუძღვნიან. საღამო 20 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით გაიმართება.

ცნობილი მომღერალი და ლოტბარი სიმაშვილების მომღერალი გვარის თვალსაჩინო წარმომადგენელი, მრავალი სახელმწიფო ჯილდოსა და პრემიის ლაურეატია. ის სოფელ ართანას მკვიდრია. თავდაპირველად ყვარლის რაიონის ანსამბლში მღეროდა, შემდეგ მარიამ არჯევნიშვილთან, სტუდენტობის დროს კი ფირუზ მახათელაშვილის გუნდში.

მოგვიანებით ანსამბლ “ართანის” ხელმძღვანელობა მიხეილ სიმაშვილს დაეკისრა და ანდროც მხარში ედგა ძმას. ანსამბლი მონაწილეობდა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ კომპოზიტორთა კავშირის პლენუმში და ლაურეატის წოდება დაიმსახურა, მოსკოვში გამართულ კომპოზიტორთა საკავშირო პლენუმზე კი მეორედ დაიმსახურა ლაურეატის წოდება. სწორედ ამ პერიოდში გაკეთდა ანსამბლის პირველი ჩანაწერები.

2001 წელს იუნესკომ ქართული მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალურ ძეგლად აღიარა. ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრმა ანზორ ექომაიშვილის ხელმძღვანელობით, სალოტბარო სკოლები გახსნა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის, თელავშიც. თელავის სალოტბარო სკოლას ანდრო სიმაშვილი ჩაუდგა სათავეში. ის მიიწვიეს პარიზში ანსამბლ “ირინოლასთვის” ქართული ხალხური სიმღერების სასწავლებლად.

ანდრო სიმაშვილი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, გადაეცა ფოლკლორის ეროვნული პრემია. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა კი მისი შემოქმედებით საღამოც გამართა და ორდისკიანი აუდიოალბომიც გამოსცა. ანდრო სიმაშვილი ახალგაზრდებს ძველ, მივიწყებულ ხალხურ სიმღერებს დღემდე ასწავლის და ალავერდის ტაძრის მგალობელთა ანსამბლს ხელმძღვანელობს. მისი აღზრდილები თბილისისა და კახეთის ანსამბლების სოლისტები და ლოტბარები არიან.

უხუცესი ლოტბარის საღამოს დაესწრებიან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტები, ფოლკლორული წრეების წარმომადგენლები.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები თბილისიდან და კახეთიდან ,,რუსთავი”, ,,ბასიანი”, ,,დიდგორი”, ,,იალონი”, ,,ჩაკრულო”, ,,პატარა კახი”, “,წინანდალი” და ,,ხეურო”.