14 აპრილი, 2015

,,ცოცხალი წიგნები’’ – სიახლე ლიტერატურის მოყვარულებს

1cocxali14 აპრილს, დედა ენის დღეს სტარტი აიღო უპრეცედენტო ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტმა „ცოცხალი წიგნები“. პროექტის პრეზენტაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე და პროექტის კურატორი მარიამ წიკლაური.

პროექტი „ცოცხალი წიგნები“ გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში, თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა პოეზიის საღამოები, გაიმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.

მწერლები ესტუმრებიან რეგიონის საპატიო, ხანდაზმულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბავშვთა სახლებს, საჯარისო-სამხედრო ნაწილებს, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს. შეხვედრები გაიმართება არაქართულენოვან მოსახლეობასთანაც. რეგიონებში ვიზიტისას, მწერლები ასევე ეცდებიან ნიჭიერი ადგილობრივი შემოქმედების გამოვლენას.

პროექტში აქტიურად იქნება ჩართული საგამომცემლო სექტორიც. მოეწყობა ლოკალური წიგნის ბაზრობები, მწერლები თავად მოგვევლინებიან გამავრცელებლის როლში. თავიანთ საავტორო წიგნებთან ერთად, ისინი წარადგენენ და პოპულარიზაციას გაუწევენ კოლეგების შემოქმედებასაც. რეგიონებში ვიზიტის პერიოდში, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ გამოიცემა წიგნი „მწერლის დღიურები“.

“ცოცხალი წიგნები” 4 ეტაპად განხორციელდება და წლის განმავლობაში, მასში მონაწილეობას მიიღებს სულ 75 მწერალი. პირველი შეხვედრა თანამედროვე ქართველი მწერლებით დაკომპლექტებულმა 5 კაციანმა მობილურმა ჯგუფმა 14 აპრილს, შიდა ქართლის რეგიონში გამართა. ირაკლი ლომოური, ნინია სადღობელაშვილი, ცირა ყურაშვილი, ბექა ქურხული და კატო ჯავახიშვილი კასპისა და გორის მოსახლეობას შეხვდა და ქართული ლიტერატურის სიახლეებზე ესაუბრა.

პროექტის მეორე დღეს 15 აპრილს შეხვედრები გაიმართება ნიქოზსა და ქარელში, მესამე დღეს 16 აპრილს ხაშურში, მეოთხე დღეს 17 აპრილს კი ბორჯომში.