28 აპრილი, 2015

ცეკვის საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღინიშნება

1cekva29 აპრილი ცეკვის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1982 წლიდან UNESCO-ს დადგენილებით არის დაწესებული. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 29 და 30 აპრილს სტუდენტური ქორეოგრაფიული ფესტივალი „ტერფსიქორე“ გაიმართება.

ორდღიანი ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება: სამეცნიერო კონფერენცია და სადისკუსიო კლუბი – სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო თემების პრეზენტაცია; პრობლემური საკითხების ირგვლივ დისკუსიის გამართვა; ფოტო-გამოფენა; შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან (ქორეოგრაფებთან და მოცეკვავეებთან), მათ მიერ შექმნილი ნამუშევრების ვიდეო-ჩვენება და „ვორკშოპი“ (მასტერკლასი); საკონცერტო პროგრამა – სხვადასხვა საუნივერსიტეტო ქორეოგრაფიული ანსამბლების წარდგენა და ქორეოგრაფიული სპეციალობის სტუდენტთა ნამუშევრების ჩვენება.

პროექტში მონაწილეობას იღებდნენ, არა მხოლოდ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის, არამედ ცეკვის ყველა სახეობის (კლასიკური, სამეჯლისო, თანამედროვე ცეკვების) მოცეკვავეები.
პროექტი ატარებს, როგორც შემოქმედებით, ასევე შემეცნებით–საგანმანათლებლო ხასიათს და ემსახურება ქორეოგრაფიული დარგის განვითარებას. მისი მიზანია ყოველწლიური სტუდენტური ქორეოგრაფიული ფესტივალის დაფუძნება, დარგის პროფესიული ავტორიტეტის ამაღლება; პროფესიული ცოდნის გაღრმავება; შემოქმედებითი და სასწავლო-მეთოდური პრობლემების განხილვა; ძველ და ახალ თაობათა შორის აზრთა გაზიარება; უნივერსიტეტთა შორის კომუნიკაციის გამყარება; სხვადასხვა უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული კოლექტივების შემოქმედების გაცნობა; საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრების საკონცერტო პრეზენტირება და ავტორების ნომინირება; დარგის პრაქტიკული და თეორიული მიმართულებების (ქორეოგრაფია-ქორეოლოგიის) ერთობლიობის დემონსტრირება.“

პროექტის იდეის ავტორი და კოორდინატორი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქორეოგრაფ-ქორეოლოგი ანანო სამსონაძეა.