18 აპრილი, 2015

,,ტროელი ქალები” საერთაშორისო ფესტივალს გახსნის

1samefoსამეფო უბნის თეატრის სპექტაკლი “ტროელი ქალები” საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს გახსნის. დათა თავაძის მიერ დადგმული სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება გერმანიის სასაზღვრო ქალაქ ციტაუში, სადაც “3 ქვეყნის ფესტივალი” ჩატარდება.

გერმანიის ქალაქი ციტაუ ორ ქვეყანას, პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკას ესაზღვრება. ციტაუს გერჰარტ ჰაუფტმანის თეატრი სამი ქვეყნის გერმანიის, პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის თეატრალური მეგობრობის სიმბოლოს წარმოადგენს. “3 ქვეყნის ფესტივალი” ყოველწლიურად მასპინძლობს სხვადასხვა დასებს ამ სამი ქვეყნიდან, წელს კი მას სტუმარი ქვეყნის სტატუსით საქართველოც მიემატება.

“საქსონიის გაზეთი” პროგრამას მიმოიხილავს და აღნიშნავს:

“დათა თავაძე ციტაუს მაყურებლისთვის უკვე კარგად არის ცნობილი მისი პიესის “დედაომის” მსოფლიო პრემიერის შემდეგ, რომელიც ჰაუფტმანის თეატრში გაიმართა, ამიტომაც მის სარეჟისორო ნამუშევარს მაყურებელი განსაკუთრებულად ელოდება.”

“3 ქვეყნის ფესტივალი” 28 მაისს სამეფო უბნის თეატრის “ტროელი ქალებით” გაიხსნება.

დათა თავაძის ეს სპექტაკლი ევროპის ახალგაზრდა რეჟისორთა საერთაშორისო ფესტივალმა “Premières”, რომელიც წელს გერმანიის ქალაქ კარლსრუეში იმართება დახურვის ცერემონიისთვის შემოინახა. ვერბალური და მუსიკალური სპექტაკლები, პერფორმანსები და ქორეოგრაფიული დადგმები მთელი მსოფლიოდან ერთიანდებიან ევროპის უმნიშვნელოვანეს ფესტივალზე ახალგაზრდა რეჟისორებისთვის. ამ ფესტივალმა არაერთი ახალი სახელი გააცნო მსოფლიოს. მაყურებელი მოწვეულია, რათა გაეცნოს მსოფლიო თეატრის მომავალს, აღმოაჩინოს ახალი ტექსტები, ახალი თემები, ნაცნობი და უცნობი ფორმები…

6 და 7 ივნისს ფესტივალი “Premières”, სამეფო უბნის თეატრის “ტროელი ქალებით” დაიხურება.

რუმინეთში დაგეგმილი სიბიუს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი კი სამეფო უბნის თეატრის ორ სპექტაკლს “ტროელ ქალებსა” და “ფრეკენ ჟულის” 14, 15, 16 და 17 ივნისს უმასპინძლებს.

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ინოვაციური ფესტივალი უკვე ოცი წლის ისტორიას ითვლის. ყოველ წელს ფესტივალი სლოგანად ირჩევს აქტუალურ თემას (ტოლერანტობა, ძალადობა, კულტურული იდენტობა და სხვა), რომლის ქვეშაც აერთიანებს ხელოვანებს მთელი მსოფლიოდან. ფესტივალს სტუმრობენ, როგორც მსოფლიო თეატრალური ტენდენციების შემქმნელი გამოჩენილი რეჟისორები თავიანთი გახმაურებული სპექტაკლებით, ასევე უმსხვილესი ფესტივალების წარმომადგენლები, თეატრის კრიტიკოსები მთელი მსოფლიოდან და ა.შ.

2015 წლის შემოდგომაზე სამეფო უბნის თეატრი უკვე პარიზს, ბრიუსელსა და მინსკს ეწვევა.