1 აპრილი, 2015

„სუვენირები საქართველოდან“ კატალოგად გამოიცა

1suvenirხალხურის რეწვის პოპულარიზაციის მიზნით კატალოგი „სუვენირები საქართველოდან“ გამოიცა. მისი პრეზენტაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდანენ მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი და პროექტის კოორდინატორი ირინე საგანელიძე.

„სუვენირები საქართველოდან“ სამინისტროს მიერ უკვე გამოცემული ორი კატალოგის ახლებურ, სრულყოფილ ვერსიას წარმოადგენს და ემსახურება ტრადიციული ქართული ხელოვნების – ხალხურის რეწვის პოპულარიზაციას. მასში თავმოყრილია ტრადიციული ქართული ხელოვნების უძველესი მიმართულებები – კერამიკა, ოქრომჭედლობა, მინანქარი, ჭედურობა, ბატიკა, თექა.

კატალოგი აერთიანებს 100-ზე მეტი ავტორისა და 18 სახელოსნოს მიერ წარმოებულ უნიკალურ ნიმუშებს და ხელს უწყობს მათ პოპულარიზაციას. კატალოგის მეშვეობით დამთვალიერებელი ეცნობა უძველესი ტექნოლოგიითა და მაღალი პროფესიული ნიშნით შესრულებულ ნამუშევრებს, რომელშიც ქართული კულტურის ტრადიციები და ისტორიაა თავმოყრილი.

კატალოგში „სუვენირები საქართველოდან“ შესული ნამუშევრების ავტორები სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები არიან, ხოლო ქართული ხალხური რეწვის რამდენიმე სახელოსნო სამხატვრო აკადემიის ბაზაზეა გახსნილი. კატალოგი როგორც ქართველ მომხმარებლებს, ასევე ტურისტებს უნიკალური ქართული სუვენირის შეძენის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, ხელს უწყობს საქართველოში შექმნილი სუვენირების გატანას და პოპულარიზაციას სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე.