20 აპრილი, 2015

შავფაროსნები რომში მიიწვიეს

1shavfarosnebiრომში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მასშტაბურ ფესტივალზე Natale di Roma ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები“ და ანსამბლი “ჩვენებურები” ქართულ კულტურას წარადგენენ.

რომის დაარსებისადმი მიძღვნილ ფესტივალში “შავფაროსნები” უკვე მეოთხედ იღებენ მონაწილეობას. წინა წლებში მათი ეფექტური და შთამბეჭდავები გამოსვლების გამო, ფესტივალის ორგანიზტორების გადაწყვეტილებით, საქარველო Natale di Roma-ს მუდმივი მონაწილეების სიაში მოხვდა. ფესტივალს ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ათასი მაყურებელი ჰყავს.

ფესტივალის ფარგლებში პიაცა ვენეციას და კოლიზეუმის გავლით რომის ისტორიული ქუჩები იკეტება და კოსტიუმირებული აღლუმი იმართება. აღლუმზე ევროპის 30-მდე ქვეყანა თავის ისტორიას წარადგენს. ჩირკო მასიმოს მოედანზე, სადაც Natale di Roma-ს მთავარი ღონისძიებები იმართება, შავფაროსნების შოუ პროგრამის დაწყებამდე, ფესტივალის წამყვანები მაყურებელს საქართველოს შესახებ მოკლე ინფორმაციას წარადგენენ.

გასულ წელს საქართველოს ისტორიის წარდგენას ფესტივალის ორგანიზატორებმა 2-3 წუთი დაუთმეს, რადგან როგორც მოგვიანებით თავადვე აღნიშნავდნენ, ფესტივალის მონაწილეებს შორის ყველაზე ეფექტური და შთამბეჭდავი, ასევე ყველაზე ექსტრემალური ნომერი შავფაროსნებს ჰქონდათ. შესაბამისად მაყურებლის ინტერესი საქართველოს მიმართ ძალიან დიდი იყო.

შარშან შავფაროსნები Natale di Roma-ს ერთადერთი მონაწილეები იყვნენ, რომლის წარმოდგენაც ერთ-ერთმა წამყვანმა იტალიურმა არხმა პირდაპირ ეთერში სრულად აჩვენა.

„შავფაროსნები“ და ანსამბლი “ჩვენებურები” Natale di Roma-ზე ქართული კულტურის რამდენიმე მიმართულებას წარადგენენ. ფესტივალის მაყურებელს ისინი ქართულ საბრძოლო ხელოვნებასთან ერთად, საქართველოს საბრძოლო ისტორიას, ქართულ ისტორიულ იარაღს, ქართულ სამოსსა და „ანსამბლ“ „ჩვენებურებთან“ ერთად შესრულებულ ქართულ სიმღერას და ცეკვას გააცნობენ.

ფესტივალზე მებრძოლი ქართველი ქალის სახეც იქნება წარმოდგენილი, რადგანაც რომაელი ისტორიკოსების ცნობით, საქართველოში ლაშქრობისას პომპეუსს მამაკაცებთან ერთად ქართველი ქალებიც ებრძოდნენ. გასულ წელს ქართველი გოგონების ბრძოლას რომში მაყურებლის დიდი მოწონება და რეზონანსი მოყვა.