17 აპრილი, 2015

საბალეტო დასის 10 წლიანი ისტორია წიგნად გამოიცა

1baletiთბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის 10 წლიანი ისტორია წიგნად გამოიცა.

წიგნი-ალბომი „საქართველოს სახელმწიფო ბალეტი 2004-2014 წლებში“ ასახავს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის შემოქმედებით ცხოვრებას, რომელიც დასმა ამ ათი წლის განმავლობაში სამხატვრო ხელმძღვანელის ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით გაიარა.

გამოცემაში დაბეჭდილია საინტერესო მასალები საბალეტო დასის რეპერტუარზე, რომელიც ათი წლის განმავლობაში 53 პრემიერას, კლასიკურ და თანამედროვე საბალეტო დადგმებს, აგრეთვე მოკლე მინიატურებს და სხვადასხვა ღონისძიებებზე გამართულ დივერტისმენტებს მოიცავს. კრებულში მოთავსებულია ინფორმაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ და ასევე ქვეყნის შიგნით გამართულ 28 გასტროლის შესახებ, ასევე რეცენზიები, რომელიც გამოქვეყნდა უცხოურ მედიაში.

წიგნი გამოიცა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ფინანსური დახმარებით. გამოცემის მხარდამჭერია „ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოება“.