10 აპრილი, 2015

რუსუდან ფეტვიაშვილი ნამუშევრებს ხელოვნების სასახლეში გამოფენს

1rusudanცნობილი ქართველი მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი ხელოვნების სასახლეში პერსონალურ გამოფენას მოაწყობს და სახვითი ხელოვნებით დაინტერესებულ საზოგადოებას თავის ნამუშევრებს წარუდგენს. ექსპოზიცია 25 აპრილს გაიხსნება და მას “ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი” ეწოდება.

რუსუდან ფეტვიაშვილმა ხატვა 2 წლის ასაკში დაიწყო. მან თავისი პირველი გამოფენა 6 წლის ასაკში მოაწყო. მისმა ნახატებმა განაცვიფრა არა მარტო ქართული საზოგადოება, არამედ უცხოელი დამთვალიერებელიც.

“პირველი გამოფენა თბილისში, ფილარმონიაში მქონდა. ბავშვთა ხელოვნების ნიმუშების გამოფენა იყო, სადაც ჩემი 80 ნამუშევარი წარვადგინე. მეორე გამოფენა 12 წლის ასაკში მქონდა. მერე იყო გამოფენა მოსკოვში, სადაც ჩემი ნამუშევრების სანახავად ბევრი ადამიანი მოვიდა, მათ შორის, მთავრობის წევრები, ხელოვანები… ის გამოფენა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. შემდეგი გამოფენა უკვე პარიზში მოეწყო, რომელსაც სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. ქალაქის მერმა სპეციალური პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც ხელოვნებათმცოდნეები, ფსიქოლოგები, ჟურნალისტები მიიწვია და მათ გაარჩიეს ჩემი ნახატები. არკვევდნენ, მართლა ბავშვის დახატული იყო თუ არა,” – იხსენებს რუსუდან ფეტვიაშვილი.

მხატვარი XX საუკუნის მსოფლიოს 2.000 გამოჩენილ პიროვნებას შორის არის დასახელებული. მისი ნახატები მთელს მსოფლიოში დიდი წარმატებით იყიდება და დამთვალიერებელშიც ყოველთვის პოპულარობით სარგებლობს.