3 აპრილი, 2015

რუსკა მაყაშვილი და კახა კინწურაშვილი სამსახურის გარეშე დარჩნენ

1ruskaმსახიობები რუსკა მაყაშვილი და კახა კინწურაშვილი სამსახურის გარეშე დარჩნენ. ინფორმაცია რუსკამ თვითონ გაავრცელა. როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობმა განაცხადა, ერთ-ერთი ყველაზე შეხმატკბილებული წყვილი მუსიკალური შოუს “ერთი ერთში” მეოთხე სეზონს აღარ წაიყვანს:

“მეგობრებო, ძალიან ბევრნი ხართ, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, ამიტომ ცალ-ცალკე რომ არ გიპასუხოთ, ყველას ერთად გეტყვით, მე და კახა “ერთი ერთშის” წამყვანები აღარ ვართ და დიახ, ეს პროექტი იმედზე გავა.”

5 მაისიდან მუსიკალური შოუ “ერთი ერთში” იმედის ეთერში გავა. მისი პროდიუსერი კვლავ გვანცა კილასონიაა. რა გახდა პროექტის ჯიდიესიდან იმედზე გადმოტანის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ახალ წამყვანებთან ერთად უცნობია ჟიურის წევრთა ვინაობაც. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მეოთხე სეზონში მონაწილეობას თაკო გაჩეჩილაძე, ილო ბეროშვილი და დუტა სხირტლაძე მიიღებენ.

გვანცა კილასონია დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს მოთმინება იქონიონ და დაელოდონ 5 მაისს, როცა ყველასთვის ყველაფერი ნათელი გახდება.