28 აპრილი, 2015

როგორ გადაურჩა დაპატიმრებას აკაკი ხორავა?

1akaki

დღეს ალბათ ბევრისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ გენიალური მსახიობი აკაკი ხორავა ნამდვილად გადაურჩა დაპატიმრებას.

შემთხვევა უკრაინაში მოხდა, როდესაც ახალგაზრდა ქართველმა უკრაინაში ვლადიმირის მონასტერთან გამართულ მიტინგში მიიღო მონაწილეობა:

“უკრაინის უმაღლეს სასწავლებლებში ბევრი ქართველი ახალგაზრდა სწავლობდა. პროგრესულად განწყობილ სტუდენტებს სახელი ტარას შევჩენკო გვარეითნებდა.

მაგონდება, მოედანზე ვლადიმირის მონასტერთან უამრავი სტუდენტი შეიკრიბა. მიტინგი დანიშნულ დროს დაიწყო, ორატორები მოედნის სხვადასხვა კუთხეებში მგზნებარე სიტყვებს წარმოთქვამდნენ. პოლიციის შემოტევას, რასაკვირველია, ველოდით, ამიტომაც სტუდენტთა მებრძოლი რაზმელები ფხიზლად იდგნენ სადარაჯოზე. უცებ საიდანღაც სიმღერა მოისმა. მღეროდნენ “რევე და სტოგნეს”. მთელი მოედანი მღეროდა, ამ სიმღერას მოყვა “იაკ უმრუ ტო პოხოვაიტი”. ეს სიმღერები ჰიმნივით გაისმა, სტუდენტები შთაგონებით, ექსტაზით მღეროდნენ, თვალები უბრწყინავდათ.

უცებ გამოჩნდნენ კაზაკები და ცხენოსანი პოლიცია.

ისინი ბევრნი იყვნენ, ძალიან ბევრნი და მიტინგის ასამდე მონაწილე პოლიციაში წაიყვანეს. დაპატიმრებულები არ დანებდნენ, სიმღერა ჰიმნივით, მოწოდებასავით ქუხდა საპოლიციო განყოფილების ცივ კედლებში. დაიწყო ფულის შეგროვება წითელი ჯვრის ფონდისთვის. მე ჯგუფხელი ვიყავი, ფულს მე ვაგროვებდი. იგი პოლიტიკური პატიმრებისთვის გვინდოდა. პოლიციასთან წრე შეიკრა. მათ თანდათანობით ემატებოდა ხალხი. შეკრებილნი ჩვენს გათავისუფლებას მოითხოვდნენ. მათ არწმუნებდნენ, რომ მალე გაგვათავისუფლებდნენ. ხალხი მაინც არ იშლებოდა, მაშინ პოლიციის ოფიცრებთან გამოძახება დაგვიწყეს. დაკითხვაზე გასულები უკან აღარ დაბრუნებულან. ხალხი აღშფოთდა, მეც გამომიძახეს. მაგიდასთან შუა ხნის ოფიცერი იჯდა. სკამი შემომთავაზა, დავჯექი, მშვიდად ლაპარაკობს, არ ჯავრობს, თითქოს არაფერიც არ მომხდარა, რომელიღაც ფურცელს კითხულობს:

– თქვენ სამდიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ხართ?

– დიახ.

– გვარი? სახელი? მამის სახელი?

– ხორავა აკაკი ალექსის ძე.

– რა ეროვნებისა ხართ?

– ქართველი ვარ.

– მე ვყოფილვარ საქართველოში. თქვენ არ გავხართ ქართველს.

– რა ვქნა, ასეთი დავიბადე.

– მითხარით, გეთაყვა, რისთვის ჩამოხვედით კიევში? სასწავლებლად არა?

– დიახ, სასწავლებლად.

– თუ სწავლა გნებავთ, ისწავლეთ, რა საეთრო გაქვთ შევჩენკოსთან, უკრაინასთან, რას მიედ-მოედებით?

მე გული მატკივნა ამ სიტყვებმა, გავბრაზდი, მაშინ ჯერ კიდევ გამოუცდელი ახალგაზრდა ვიყავი.

– რას ჰქვია მივედ-მოვედები? შევჩენკო ჩვენი ხალხის დროშაა, როცა მე ვიბრძვი შევჩენკოსა და უკრაინისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვიცავ ჩემს სამშობლოს, ჩემს საქართველოს, მის კულტურასა და ისტორიას. ჩვენ სხვადასხვანი ვართ ეროვნებით, მაგრამ ერთნი ვართ სულით, მიზანსწრაფვით, უკრაინელები ჩვენი ძმები არიან, უკრაინის სახით მე საქართველოს ვხედავ, მის ბრძოლას, ჩემი ხალხის ბრძოლას!

ოფიცერი ჩაფიქრდა:

– თქვენ ვერა გრძნობთ, რომ რომ ამით საქართველოს ვნებთ. ეჰ ახალგაზრდობავ, ახალგაზრდობავ! როდის მოხვალთ გონს?

– მე აქ იმას ვაკეთებ, რასაც იქაც გავაკეთებდი, საქართველოში რომ ვყოფილიყავი.

კვლავ ხანგრძლივი პაუზა. ქუჩაში ხმაური არ წყდებოდა.

– ამჯერად გათავისუფლებთ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხართ, სტუდენტი, ცხოვრებას არ იცნობთ, ისწავლეთ და კარგად იფიქრეთ, თუ რა გაქვთ საერთო თქვენ, ქართველს და უკრაინელებს. ფრთხილად იყავით, სხვა დროს აღარ ჩავარდეთ. წადით!

მე არ მოველოდი საქმის ასე შემობრუნებას! როდესაც გარეთ გამოვედი, დავინახე, რომ ყველა გაეთავისუფლებინათ, ვინც დაკითხვაზე გამოეძახებინათ. მე კარგად ვიცოდი, ეს პოლიციის ტაქტიკა იყო, მათ არ უნდოდათ გაერთულებინათ საქმე. ვგრძნობდი, რომ ბევრ ჩვენგანს ღამით თითო თითოდ დააპატიმრებდნენ. იმავე საღამოს მეგობრების რჩევით ჟიტომირს გავემგზავრე. ღამით კი ჩემი ოთახი გაეჩხრიკათ.

ამ დღის შემდეგ მე კიდევ უფრო შევიყვარე უკრაინა, შევჩენკო, მე მისი ინტერესებით, მისი ბრძოლით ვცხოვრობდი.”