14 აპრილი, 2015

როგორ აღინიშნა ქართული ენის დღე საქართველოში?

1iakob14 აპრილი ქართული ენის დღეა. ეს ის დღეა საქართველოს ისტორიაში, როდესაც 1978 წელს სსრკ-ს წითელ მეთურთა მიერ ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების წინააღმდეგ მოეწყო იმ პერიოდისათვის უპრეცენდენტოდ ხალხმრავალი დემონსტრაცია, მთელი ჯანსაღი საზოგადოება და თითქმის მთელი ახალგაზრდობა აპროტესტებდა და მზად იყო შეწირვოდა ქართული ენის სახელმწიფოებრიობის დაცვას. საბედნიეროდ, ამ და სხვა პოლიტიკურმა ფაქტორებმა შეცვალა წითელი ბიუროკრატიის გადაწყვეტილება და ეს დღე ქართული ენის დღედ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ.

ამ დღეს საქართველოს ქალაქებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. თბილისში იაკობ გოგებაშვილის საფლავი და დედა ენის ძეგლი ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს, ამავე ბაღში მოეწყო სპეციალური ღონისძიებაც.

“ერთად ავღნიშნოთ ჩვენი ეროვნული სიწმინდის – ქართული ენის დღე!” ამ ლოზუნგით ახალგაზრდულმა შემოქმედებითმა გაერთიანებამ „ეროვნული იმპერატივი” იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გორის რაიონის სოფელ ვარიანში განახორციელა პროექტი-ღონისძიება „ქართული ენა – ეროვნულ სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტი“.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სემინარი ქართული ენის რაობასა და პრობლემატიკაზე. მხატვრული ნაწილში ჩატარდა კოსტიუმირებული კომპოზიცია ქართველ პოეტთა ნაწარმოებების მიხედვით. გაიმართა შემაჯამებელ დისკუსია აუდიტორიის უშუალო ჩართულობით პროექტის ავტორისა და ღონისძიების სპიკერის გიორგი სავანელის ხელმძღვანელობით.

“იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი ავირჩიეთ, რადგან… ქართული ენის პირველი პედაგოგიური სისტემის ფუძემდებელი და შემომქმედი იაკობ გოგებაშვილი ლოგიკურად ასოცირდება მშობლიური ენის სიწმინდესთან, მის დაცვასა და პოპულარიზაციასთან, რასაც XIX საუკუნის ბოლო მესამედში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სოციო-პოლიტიკური თვალსაზრისითაც. იმპერიის კლანჭებში მოქცეული საქართველოს რუსიფიკაციის პროცესის საპირისპიროდ უდიდესი გავლენა ჰქონდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებას, დიმიტრი ყიფიანის იდეით და იაკობ გოგებაშვილის მიერ, ილია ჭავჭავაძის დახმარებით, ეროვნულ იდეებზე მორგებული სასკოლო პროფესიონალური პედაგოგიური სისტემის შექმნას. იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ და „ბუნების კარი“ კი ქართველი ერისათვის მესამე ბიბლიად იქცა, თვით ბიბლიის და „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ,” – განაცხადა გიორგი სავანელმა.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ჩართული იყვნენ ფილოლოგი დარეჯან გიოშვილი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ლამზირა ჩხეიძე, თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობები ქეთევან შერვაშიძე და ნაირა გელაძე და ახალგაზრდა მსახიობები გიორგი იარაჯული, თორნიკე ჩიხლაძე, გიორგი გურული, ცოტნე ხუბუტია, თეკა კოხრეიძე, თამარ ადამია და ანა ლორთქიფანიძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ახალგაზრდები და 2008 წლის ომის შედეგად შიდა ქართლიდან დევნილი მოზარდები.