9 აპრილი, 2015

როდის დასრულდება მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობა?

1maxataმსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე და მის მიერ დაარსებული ფონდი “ივერიისა” მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს აშენებს.

ტაძრის მშენებლობაში ჩართულია მთელი საქართველო და თითო შეწირული ლარით ყველას თავისი წვლილი შეაქვს ეკლესიის აგებაში. უკვე დაწყებულია მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება. წელს დაგეგმილია სამებიდან მახათას მთამდე ასასვლელი ქვაფენილიანი გზის სამუშაოების დაწყება. ტაძრის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესასვლელი გზის კაპიტალური სამუშაოები კი მომდევნო წლისთვის იგეგმება, რომ მშენებლობის დასრულებისთვის შესასვლელი გზა, პარკირების ადგილი და მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილი იყოს.

პაატა ბურჭულაძის განმარტებით, ტაძრის მშენებლობას სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება და იგი მალე დასრულდება:

„ტაძარი საქართველოს ყველა მოქალაქის შეწირულობებით შენდება, ვინც ჯერ არ შემოერთებია ამ საქმეს, დროულად შემოგვიერთდით, 2017 წლის 25 დეკემბერს უწმინდესს აღსაყდრებიდან 40 წლისთავი უსრულდება, ჩვენი სურვილია, მას ეს დიდი საჩუქარი ქართველმა ერმა აჩუქოს და ტაძარი მან აკურთხოს.“

ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის გუმბათის ყელისა და სარკმელების ამოყვანის პროცესი. დაწყებულია გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები. სრულდება სამრეკლოს კედლების ამოყვანა და კარიბჭის მშენებლობა. ტაძრის კარკასის მშენებლობის დასრულება კი აპრილის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მთელი საქართველოს და უცხოეთში მცხოვრები ქართული ემიგრაციის ერთიანი ძალისხმევით შენდება. იქმნება სპეციალური წიგნი, სადაც ტაძრის აღმშენებელთა გვარ-სახელები შევა. სახალხო აქციაში უკვე 250.000 ათასი ადამიანია გაწევრიანებული.