Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რევოლუციონერი ქორეოგრაფი თბილისში ჩამოდის

20 აპრილი, 2015

1karmenიოჰანესბურგელი რევოლუციონერი ქორეოგრაფის დადა მაზილოს ცეკვის ფაბრიკა თბილისში ჩამოდის. დადა მაზილო სამხრეთ აფრიკელი მოცეკვავე და ქორეოგრაფია, რომლის „ცეკვის ფაბრიკა“ კლასიკური ბალეტის, თანამედროვე ცეკვის და ტრადიციული ფოლკლორის უნიკალური სინთეზით გახდა ცნობილი.

მსოფლიო შედევრების დადასეული ინტერპრეტაციები, მისთვის დამახასიათებელი ენერგიით, იუმორით და დინამიზმით არა მხოლოდ ცეკვის ახალ უნიკალურ მანერას ჰქმნის, არამედ მაგიურად აჯადოვებს აუდიტორიას მალიდან მექსიკამდე, ისრაელიდან საფრანგეთამდე. თავგადაპარსული, პატარა, მოქნილი დადა ბალეტის ტიპიური მოცეკვავე არაა, თუმცა ახალგაზრდა სამხრეთ აფრიკელმა ქორეოგრაფმა, რომელიც იოჰანესბურგის გარეუბანში სოვეტოში დაიბადა და კარიერა სკოლაში ცეკვის სწავლებით დაიწყო, თავბრუდანხვევი წარმატებით დაიპყრო მსოფლიოს მნიშვნელობის სცენები.

პირველად იგი 4 წლის წინ პარიზში ლეგენდარული Bouffes du Nord თეატრის სცენაზე წარსდგა. ეს იყო მისი სოლო წარმოდგენა „როზმარინის მწარე გემო“, სადაც შექსპირის „ჰამლეტში“ შეკითხვებს უსვავდა ოფელიას, ცეკვავდა მის სიგიჟეს სრულიად ახლებური, ექსპრესიული ფორმით, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა გმირის უკიდურესად მგრძნობიარე ბუნებას.

მიუხედავად იმისა რომ მას გაცილებით აღელვებს პერსონალური გამოწვევა ქორეოგრაფიაში ვიდრე პოლიტიკური განცხადებები, თუნდაც თანამედროვეობის ისეთ აქტუალურ თემებზე როგორებიცაა ჰომოსექსუალიზმი, რასობრივი ურთიერთობა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს პატარა აფრიკელი მოცეკვავე საკუთარი ხელოვნებით ყველა ცნობილ ტაბუს არღვევს და საზოგადოებას სწორედ რომ ამ თემებზე სასაუბროდ იწვევს.

დადა მაზილოს მასპინძელი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი “საჩუქარია”. გრიბოედოვის თეატრში 16 და 17 ნოემბერს წარმოდგენილი იქნება ჟორჟ ბიზეს ბალეტი „კარმენი“, რომელშიც დადა მაზილო 12 მოცეკვავესთან ერთად ბიზეს „კარმენის“ აფრიკულ ფოლკლორთან ნაზავ თანამედროვე ვერსიას ქმნის და ბოშათა პროტაგონისტის შინაგან არსს ახლებურად ხსნის.

წარმოდგენა ყველას აღფრთოვანებას იწვევს და ამავე დროს ძალიან პერსონალურია. აქ მუსიკაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრის ადგილია – როდინ შჩედრინი, ბიზეს ორიგინალური მუსიკა, მარია კალასის „ჰაბანერა“ და არვო პარტის ცნობილი „Lamentate“ ნამდვილად განსხვავებულ მუსიკალურ შეგრძნებებს აცოცხლებს. მსოფლიო ტურის შუალედში წელს დადა მაზილოს ცეკვის ქარხანა საქართველოს ეწვევა და ფესტივალ “საჩუქარში” მიიღებს მონაწილეობას.

”არტინფო” გთავაზობთ დადა მაზილოს ”კარმენის” ფრაგმენტს: