14 აპრილი, 2015

ფიროსმანის ნამუშევრებს რესტავრაცია ესაჭიროება

1nikalaმირზაანის მუზეუმში დაცული ფიროსმანის ორი ნამუშევარი განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ნიკალას ნახატებს „ქალი სააღდგომო კვერცხებით“ და „შოთა რუსთაველი“ რესტავრაცია ჩაუტარდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ეროვნული სააგენტოს მუზეუმებში არსებული მოძრავი ძეგლების ინვენტარიზაცია, კატალოგიზაცია და რესტავრაციაა. კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლებისა და კულტურულ ფასეულობათა სექციის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით, მირზაანის მუზეუმში დაცული ფიროსმანის 14 ნამუშევრიდან გადაუდებელ რესტავრაციას საჭიროებს “შოთა რუსთაველი მაგიდასთან” და ,,ქალი სააღდგომო კვერცხებით”.

სპეციალისტთა შეფასებით, ასევე აუცილებელია ეტაპობრივად მოხდეს ,,შოთა რუსთაველის”, ,,თამარ მეფის”, ”დათვი თეთრი ბელებით” და ,,წარაფის” რესტავრაცია, რომლის შედეგად მირზანში დაცული ფიროსმანი 14 ტილო სრულად აღდგენილი იქნება.

2012-2013 წლებში მოძრავ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის მიზნით, მირზაანის კოლექციიდან რესტავრაცია ფიროსმანის სამ ნამუშევარს „თამარ მეფე“, „მწოლიარე ქალი“, და „კალოობა“ ჩაუტარდა.

ფიროსმანის ნამუშევრების რესტავრაცია ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ურთიერთთანამშრომლობით ეროვნული მუზეუმის სარესტავრაციო ლაბორატორიაში.
ამ დროისთვის ლაბორატორიაში უკვე გადატანილია „შოთა რუსთველი“, რომლის მდგომარეობა კრიტიკულია და ექსპონირებისთვის მიღებული აქვს უარყოფითი შეფასება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, კვლავ აგრძელებს გამოფენების ციკლს „მუზეუმის კოლექციიდან“.

თბილისის ხელოვნების სასახლის შემდეგ 15 აპრილს ფიროსმანის გამოფენა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიხსნება. მაისის თვეში ფიროსმანის ნამუშევრებს წინანდლის, ხოლო ივნისში თვეში ბათუმის სახელმწიფო მუზეუმი უმასპინძლებს.