7 აპრილი, 2015

ნინა სუბლატმა საქართველო დატოვა

1ninaმომღერალმა ნინა სუბლატმა საქართველო დატოვა. “ევროვიზია 2015”-ის ქართველმა მონაწილემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც “ფოსთ ქარდში” მისი ჩართვა გახდა საჭირო.
მომღერალი, რომელიც ევროვიზიაში ქართველი ფანების დაჟინებული მოთხოვნით მონაწილეობს, მაქსიმალურად ითვალისწინებს თავისი გულშემატკივრების შენიშვნებსა თუ რჩევებს და ცდილობს ყველაფერი მათთან შეთანხმებულად გააკეთოს.

ნინა სუბლატის მიერ საქართველოს დატოვების მიზეზი ავსტრიაში გამგზავრება გახდა. ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი ვენაში ერთ დღეს დარჩება და მონაწილეობას მიიღებს “ფოსთ ქარდის” გადაღებაში, რომელსაც მაყურებელი 19 მაისს პირველ ნახევარფინალზე, ნინას სცენაზე გამოსვლამდე იხილავს.

ვენის შემდეგ, ქართველი კონკურსანტი ლატვიას ესტუმრება. ნინა სუბლატი ევროვიზიისადმი მიძღვნილ წვეულებაში მიიღებს მონაწილეობას და საკონკურსო სიმღერას Warrior შეასრულებს. რიგაში კონცერტი 10 აპრილს გაიმართება.

საქართველოდან გამგზავრებამდე ნინა სუბლატმა მოლდოვის კონკურსანტს ედვარდ რომანიუტას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში პრომოტურების ფარგლებში ჩამოვიდა. მომღერალი სხვადასხვა მუსიკალურ აქციაში იღებს მონაწილეობას. ედვარდ რომანიუტა უკრაინელია, თუმცა იმის გამო, რომ უკრაინა წელს კონკურსში არ მონაწილეობს, ის მოლდოვის სახელით გამოდის. პრომოტურების ფარგლებში, ნინა სუბლატი და ედვარდ რომანიუტა რამდენიმე ქვეყანას ერთად ეწვევიან.