Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსს კონსერვატორია მასპინძლობს

15 აპრილი, 2015

1wwww15-27 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა VI კონკურსი ტარდება. კონკურსზე მუსიკოსთა ახალი თაობაა წარმოდგენილი. მონაწილეობის სურვილი 160-მდე კონკურსანტმა გამოთქვა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. მათ შორისაა, თბილისის, ქუთაისის, ტყიბულის, თელავის მუსიკალური სკოლები, სასწავლებლები და თბილისის კონსერვატორია.

საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იმართება 4 სპეციალობაში – საფორტეპიანო, სიმებიანი, ჩასაბერი და ვოკალი.

გარდა ძირითადი კონკურსანტებისა, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას იღებენ კონკურსგარეშე, 16 წლამდე ასაკის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები.
საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი უნიკალურ საშუალებას იძლევა გამოავლინოს ნიჭიერი და საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლები და ხელი შეუწყოს მათ წინსვლას. ყოველი საკონკურსო წლიდან წლამდე იზრდება საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის პოპულარობა და მისი მნიშვნელობა.

წინა კონკურსებში გამარჯვებულთაგან უმრავლესობა გასცდა ეროვნულ მასშტაბებს და დღეს საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატია. მათ შორის არიან გიორგი გაგნიძე, ანიტა რაჭველიშვილი, ქეთევან ბადრიძე, ვახტანგ ჟორდანია, ნატო წვერელი, ანა გოგავა, დავით ხრიკული, თეიმურაზ ბუხნიკაშვილი, გიორგი გვანცელაძე.

საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსს 1995 წელს ჩაეყარა საფუძველი პროფესორ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით. კონკურსის დამფუძნებლები არიან თბილისის მერია და საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომლებიც ტრადიციულად აფინანსებენ აღნიშნულ კონკურსს. კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი”. კონკურსს სხვადასხვა წლებში მხარს უჭერდნენ სხვადასხვა კომპანიები, კერძო პირები და უცხო ქვეყნის საელჩოები საქართველოში.

საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა VI კონკურსზე დაწესებულია პრემიები თითოეული სპეციალობისთვის. პირველი ადგილი 2000 ლარი, მეორე ადგილი 1000 ლარი, მესამე ადგილი 500 ლარი. დანარჩენ ფინალისტებს ენიჭებათ დიპლომი და 300-300 ლარი, საუკეთესო კონცერტმაისტერს 300 ლარი. საუკეთესო კონკურსგარეშე მონაწილეებს გადაეცემათ დიპლომი, პრემიები და პრიზები.

ფორტეპიანოს სპეციალობით კონკურსანტებს შეაფასებს ჟიური ვლადიმერ ტროპის (რუსეთი), მაია ადამიას (საქართველო/დიდი ბრიტანეთი), ნოდარ ნაკაიძის, მანანა ნეიძის და რევაზ ტაკიძის შემადგენლობით.

სოლო სიმღერის კონკურსანტებს შეაფასებს ჟიურის ბადრი მაისურაძის, ზაზა აზმაიფარაშვილის, თემურ გუგუშვილის, ირენა მილკიავიჩუტეს (ლიტვა) და მზია ნიორაძის შემადგენლობით.

სიმებიანი საკრავების კონკურსანტებს შეაფასებს ჟიური ოთარ ჩუბინიშვილის, ინგრიდა არმონაიტეს (ლიტვა), ზურაბ გაბუნიას, სამსონ გონაშვილის და შავლეგ შილაკაძის შემადგენლობით.

ფორტეპიანოს სპეციალობით კონკურსგარეშე მონაწილეებს შეაფასებს ჟიური რევაზ თავაძის, მანანა კანდელაკის და ნანა შალაძის შემადგენლობით.