26 აპრილი, 2015

მუსიკისა და დრამის თეატრში პრემიერაა

1beqa-kavtaradzeვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში პრემიერაა. რეჟისორმა ბექა ქავთარაძემ ედვარდ ოლბის “რა მოხდა სამხეცეში”-ს მიხედვით სპექტაკლი დადგა.

რეჟისურასთან ერთად ბექა ქავთარაძემ მხატვრობასა და მუსიკალურ გაფორმებაზეც იზრუნა.
პიესა ასმათ ბეშიძემ თარგმნა, განათების მხატვარი ია ნადირაშვილია, ხმის რეჟისორი ბექა მაღლაკელიძე, ტექ-რეჟისორი ნინო დაშნიანი.

ბექა ქავთარაძის ახალ სპექტაკლში მხოლოდ ორი მსახიობი მონაწილეობს ალექსანდრე ბეგალიშვილი (ჯერი) და გიორგი ყველაშვილი (პიტერი).

“ედვარდ ოლბის პიესის მიხედვით ,,რა მოხდა სამხეცეში“ დადგმული სპექტაკლის საშუალებით, მაყურებელმა უნდა დაინახოს პიროვნების გაუცხოების პრობლემა საზოგადოების მიმართ, პიროვნების და საზოგადოების დეგრადირება. აქედან გამომდინარე, როგორ ცდილობს ადამიანი იპოვოს მონათესავე სული, როგორ იბრძვის ამისთვის, რაც ხშირად პიროვნების გაორებით, ფსიქიური აშლილობით და ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგით მთავრდება. ეს ყველაფერი მაყურებელმა სპექტაკლში ორი პერსონაჟის, ჯერისა და პიტერის ურთიერთობის საშუალებით უნდა დაინახოს და გაიაზროს,” – ამბობა რეჟისორი.

სპექტაკლის “ეს ხომ სამხეცეა” პრემიერა მუსიკისა და დრამის თეატრში 26 აპრილს გაიმართება.