Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კონსერვატორიის სტუდენტები სამუსიკისმცოდნეო კონფერენციას ჩაატარებენ

17 აპრილი, 2015

1datoვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური თვითმმართველობა 21-დან 25 აპრილამდე მეექვსედ გამართავს საერთაშორისო სამუსიკისმცოდნეო სტუდენტურ კონფერენცია-კონკურსს.

კონფერენცია-კონკურსი წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ იშვიათი ფორმატის მქონე ღონისძიებას, რომელი ხელს უწყობს ახალგაზრდა პროფესიონალთა კვლევების წახალისებას; ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის ერთობლივი პროექტების ხელშეწყობას; სტუდენტებსა და ავტორიტეტულ მეცნიერებს შორის გამოცდილების გაზიარებას; უახლესი მუსიკოლოგიური ტენდენციების გაცნობას; ადგილობრივი კვლევების შედეგების საზღვარგარეთ გავრცელებას და ქართული კულტურის პოპულარიზაციას. კონფერენცია-კონკურსი ორგანიზებულია მუსიკოლოგების ქეთევან ჭიტაძის, მაია სიგუას და ლიკა ხორბალაძის მიერ.

ერთი მხრივ ღონისძიება ტრადიციული სამეცნიერო კონფერენციაა. მეორე მხრივ, კომპეტენტური ჟიური კონკურსის წესით გამოავლენს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების საუკეთესო მოხსენებებს. ჟიური დაკომპლექტებულია მსოფლიოს სხვადასხვა საუკეთესო უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის ავტორიტეტული პროფესიონალებისგან და ქართველი პროფესორებისგან. მასში სხვადასხვა დროს მუშაობდნენ მუსიკოლოგები ილინოისის (აშშ), პარიზის (საფრანგეთი), ნოტინგემის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტებიდან, ჰამბურგის (გერმანია) მუსიკის უმაღლესი სკოლიდან, რიგის (ლატვია) და მინსკის (ბელარუსი) მუსიკის აკადემიებიდან.

წელს საზღვარგარეთიდან ჟიურიში იმუშავებენ ოლივერ შნელერი, კომპოზიტორი, ჰანოვერის კონსერვატორიის პროფესორი გერმანიიდან და პარიზში მოღვაწე ქართველი მუსიკოლოგი და პიანისტი გიორგი ბერიაშვილი.

გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრემიები და პრიზები. წლევანდელ კონფერენცია-კონკურსში მონაწილეობენ სტუდენტები საქართველოდან, ავსტრალიიდან, იტალიიდან, ინგლისიდან, პოლონეთიდან და თურქეთიდან.

უკვე ტრადიციულად, კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ლექციები, მასტერკლასები და კონცერტებიც, რომლებიც გათვლილია როგორც პროფესიონალებისთვის, ისე დაინტერესებული აუდიტორიის ფართო წრისთვის.

კონფერენცია-კონკურსი უკვე გახდა უმნიშვნელოვანესი სტუდენტურ-სამუსიკისმცოდნეო მოვლენა, განსაკუთრებით ამიერკავკასიისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. იგი ინსპირაციის წყაროდ არის მიჩნეული სხვადასხვა წამოწყებებისთვის. მსგავსი ფორმატის ღონისძიებების ჩატარება იგეგმება სომხეთსა და მოლდოვაშიც.

კონფერენცია კონკურსი 21 აპრილს გაიხსნება კონსერვატორიის 421-ე აუდიტორიაში გიორგი ბერიაშვილის საჯარო ლექციით „თანამედროვე ოპერა: ძიებები და პრობლემები (ნ. ვერენის “უშბა და თეთნულდი” 2014)“.

22 აპრილს კონსერვატორიის 224-ე აუდიტორია, მუსიკის ტექნოლოგიის სტუდია უმასპინძლებს ოლივერ შნელერის მასტერკლასს კომპოზიტორებისთვის „ჰიბრიდული ხმოვანებები/საუნდები. აკუსტიკური და ელექტრონული ინსტრუმენტების კომბინაციის შესახებ“. ამავე დღეს კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში გიორგი ბერიაშვილის სოლო-კონცერტი ჩატარდება, სადაც შესრულდება ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, შოპენის და სკრიაბინის ნაწარმოებები.

23 აპრილს ოლივერ შნელერი გამართავს საჯარო ლექციას მუსიკოლოგებისთვის „აკუსტიკური მოდელები და კომპონირებული სტრუქტურები“.

24 აპრილს კონფერენცია-კონკურსი ოფიციალურად გაიხსნება და ორდღიანი სამეცნიერო სესიები გაიმართება.

კონფერენცია-კონკურსი 25 აპრილს კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში დაიხურება, სადაც გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი და ფოლკლორული კონცერტი ჩატარდება.